ირმა ინაშვილი: ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბარი იყო ამ შეხვედრებზე, გვარებზეც იყო საუბარი, მექანიზმებზეც იყო იდეები

ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბარი იყო ამ შეხვედრებზე, გვარებზეც იყო საუბარი, მექანიზმებზეც იყო იდეები, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან ელჩების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მექანიზმებთან დაკავშირებით პროკურატურაც იყო ხსენებული, სასამართლოც და პრეზიდენტის ინსტიტუტიც.

„როგორც წესი, დახურული ტიპის შეხვედრების საუბარი არ არის სწორი. მე მთელი ამ დღეების განმავლობაში ვდუმდი და ვისმენდი სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებებს, რომლებმაც დეტალურად გვიამბეს რა ხდებოდა იმ შეხვედრებზე.

რა თქმა უნდა, იყო საუბარი პოლიტპატიმრების თემაზე იმ შეხვედრებზე. მე გარიგებაზე როცა ვლაპარაკობ, ამ გარიგებაში ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი შეხვედრები იყო არამარტო ამერიკის ან სხვა ელჩების რეზიდენციებში, არამედ პირდაპირ ხვდებოდნენ ერთმანეთს სააკაშვილის და ბოკერიას პარტიის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერები. საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არის, თუ როგორ არის საქმე? „ქართული ოცნების” მთავარი დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ 2013 წელს არ დაიწყო ამ პირების დაკავება და მაინცდამაინც 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვია. თუ ქვეყანაში არ მოხდება მათი დასჯა, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და 48 მილიონის მოპარვა დანაშაულია, თუ ეს არ მოხდება, ეს სახელმწიფო ვერასდროს გარდაიქმნება სამართლებრივ სახელმწიფოდ,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება გუგლის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ხაზის შეცვლის ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ეროვნულმა ბანკმა, კომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა შეადგინონ სპეციალური გეგმა