ირმა ინაშვილი: ჩვენი გუნდის პოზიციაა რომ, მთავარია შეიზღუდოს მაჟორიტარული ნაწილი და ხელისუფლებამ თვითონაც შეიზღუდოს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის შეფასებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პროპორციული სისტემის სასარგებლოდ შეთანხმება დღეს უნდა შედგეს.

როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე განუცხადა, პოლიტიკური სპექტრი გარკვეულ კონდიციამდე არის მისული.

ინაშვილის თქმით, პროპორციულთან და ბარიერებთან ერთად, „პატრიოტთა ალიანსისთვის“ მნიშვნელოვანია არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის საკითხიც.

„დღეს შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან დრო იწურება და რაც სწრაფად შედგება შეთანხმება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, და საერთოდ ჩვენი დემოკრატიული პროცესებისთვის. პოლიტიკური სპექტრი ვფიქრობ, მისულია გარკვეულ კონდიციამდე, მე ვგულისხმობ უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც. ახლა მთავარია, რომ პროპორციულის კუთხით იყოს მეტი მოცულობა. მეორე, რომ ჩვენ მომხრე ვართ სამპროცენტიანი ბარიერის და პლუს ბლოკებისთვის ხუთპროცენტიანი ბარიერის. იცით, რომ ჩვენ ასევე ვსაუბრობთ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობაზე, პლუს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გახდეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

თუმცა, ინაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, პროპორციული სისტემის სასარგებლოდ მოხდეს შეთანხმება.

ინაშვილის განმარტებით, სახელდება სხვადასხვა ციფრები და პროპორცია და მათთვის მისაღებია მაგალითად, 135/15-ზე მოდელი.

ამასთან, ინაშვილი ამბობს, რომ შეთანხმების მისაღწევად, მზად არიან სხვა მოდელიც განიხილონ.

„აქ პრინციპიც იყო ჩადებული, რომ 15 მოიცავდა ყველა რეგიონს და თბილისს სამი მაჟორიტარი ეყოლებოდა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ ვინაიდან საუბარია უკვე განსხვავებულ მონაცემებზე, მზად ვართ ესეც განვიხილოთ, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ.

ჩვენი გუნდის პოზიციაა რომ, მთავარია შეიზღუდოს მაჟორიტარული ნაწილი და ხელისუფლებამ თვითონაც შეიზღუდოს. ამიტომ არის საუბარი 40 პროცენტზე, ამ შეზღუდვაზე უმრავლესობა მოდის, რაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა აისახოს პროექტში რომელსაც ჩვენ წავიკითხავთ. ჯერჯერობით კანონპროექტი წაკითხული არ გვაქვს, ამიტომ ცვლილებებზე მოვდივარ, ეს ჯერჯერობით არის საუბარი, ჩვენ უნდა წავიკითხოთ კანონპროექტი და შემდეგ ვილაპარაკოთ დეტალებზე“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ასევე, ინაშვილი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ე.წ. პოლიტპატიმრების პირობა წამოყენებული არ ყოფილა და პირიქით „პატრიოტთა ალიანსი“ დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მე მთელი ამ წლების განმავლობაში ვითხოვ დამნაშავეების დასჯას, სააკაშვილის და ბოკერიას გუნდიდან, მმართველი გუნდიდან, ვინც 2004-2011 წლებში მართავდა ქვეყანას და ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული. ჩემთვის ის ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, იგივე ბოკერიას და სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის პოლიტიკური პატიმრები არიან, არ არიან პოლიტპატიმრები, თუმცა დასახელებულ პირებს შორის გრადაცია არის, მაგალითად თამლიანზე, ის და უგულავა ჩემთვის ერთი არაა. ჩემი მხრიდან ე.წ. პოლიტპატიმრები პირობა არ ყოფილა, პირიქით ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიროგორ გამოყურება ჭყონდიდის ეპარქიის ტერიტორია (ფოტოები)
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ე.წ. პოლიტპატიმრების პირობა წამოყენებული არ ყოფილა