ირმა ინაშვილი : “ჩვენ არ შევეგუებით არჩევნების გაყალბებას! ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე 7 ნოემბერს, 17 საათზე!”

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს და აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების გაყალბების ყველა მეთოდი, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვაც გამოიყენა. ირმა ინაშვილი 7 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, საღამოს 5 საათზე აქციას აანონსებს და “პატრიოტთა ალიანსის” ყველა მხარდამჭერსა და ამომრჩეველს, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის ბედსა და მომავალზე, აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს.
“არჩევნები თავიდან არის ჩასატარებელი! რატომ?! ამაზე უკვე პრაქტიკულად მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული, იმიტომ რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა! ჩვენ არ ვლაპარაკობთ ზერელედ, გვაქვს ამ გაყალბების კონკრეტული ფაქტები. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად 10 000-ობით ოქმი არის დაუბალანსებელი, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ საარჩევნო უბნებზე სერიოზული დანაშაული იყო ჩადენილი. მნიშვნელოვანია კონკრეტული ფაქტები, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს და ასეთი ფაქტი არის უამრავი! “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების გაყალბების ყველა მეთოდი გამოიყენა – დაწყებული კლასიკური ტიპის კარუსელით, დასრულებული ამომრჩევლის მოსყიდვით! მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ ახლა ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვიბრძვით იმისათვის, რომ დემოკრატია გადარჩეს ამ ქვეყანაში! ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით?! სააკაშვილს იმისთვის ვებრძოდით, რომ მერე კობახიძეს გაეყალბებინა არჩევნები?! ეს იყო ჩვენი მოტივაცია?! ეს გვინდოდა ჩვენ?! ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და უმოქმედობას! ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ამომრჩევლისა და მხარდამჭერების წინაშე. ამიტომაც ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე 7 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე! ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენს ამომრჩეველს, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ბედსა და მომავალზე, ველოდებით თავისუფლების მოედანზე! ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და განწყობა ბიძინა ივანიშვილს, “ქართულ ოცნებას”, კობახიძეებს, მდინარაძეებს და მათ, ვინც ცდილობს ხელისუფლების უზურპაციას! ჩვენ არ უნდა შევეგუოთ არჩევნების გაყალბებას! ეს არჩევნები გაყალბდა ტოტალურად და ეს იცის ყველამ!” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ „ე.წ. პარლამენტში არ შევლენ“
შემდეგი სტატიაჩვენ არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და სამართლიანად – კაპანაძე