ირმა ინაშვილი: ჭუბერის გზა დღესაც გრძელდება მივდივარ, მივდივარ და არ მთავრდება…

“ალბათ, უცნაურ განცდას გიზიარებთ, მაგრამ ჩემთვის ჭუბერის გზა დღესაც გრძელდება. მივდივარ, მივდივარ და არ მთავრდება. არ მთავრდება იმიტომ, რომ ისევ გვყავს დევნილები, სოხუმსა და ცხინვალზე სინამდვილეში მხოლოდ ბრტყელი ფრაზებით შემოიფარგლებიან და კი არ ვუახლოვდებით ერთმანეთს, ვშორდებით. არაღიარება, რეზოლუციები, მოწოდებები, ლირიკა… შედეგი- ნული! ამასობაში მთელი 28 წელი გავიდა. სამი თაობა გაიზარდა სოხუმშიც და თბილისშიც, რომელიც ურთიერთს გაუცხოებულია.

ჭუბერის გზა გრძელდება იმიტომ, რომ ჩემი ენერგია და ძალები მინდა იხარჯებოდეს ქვეყნის სასიკეთოდ და არა უაზროდ, უსაგნოდ, უმისამართოდ, რა დღის წესრიგის ტყვეებიც ვართ… ყველაფერში თამაში, მოჩვენებითობა, სიყალბე, ვაჭრობა და ტყუილია. არჩევნებით დაწყებული ეკონომიკით გაგრძელებული. კაცი ცდილობს და ვერ ამტკიცებს სიმართლეს. ებრძვიან ციფრებით, ცრუ სიტყვით, ბოროტი საქმით, ფულით, ძალაუფლებით. ბოლოს იღლება და ჩერდება. მე კი, მივდივარ. ისევ ჭუბერის გზაზე მივდივარ. იქ ვისწავლე, რომ არ უნდა გავჩერდე და არ უნდა დავნებდე. უნდა ვიარო წინ. თუ გაჩერდები, გაიყინები.
ჭუბერის გზა გრძელდება იმიტომ, რომ წაქცეულს დახმარება, მომაკვდავს- წამალი, გარდაცვლილს- პანაშვიდი, გადარჩენილს იმედი სჭირდება და ხალხი, რომელსაც სოფელ- სოფელ ვხვდები, ზოგჯერ სულ მცირე რამეს ელის- თანაგრძნობას, ამიტომ ვუსმენ, თანავუგრძნობ და მერე გათენებამდე ვფიქრობ ყოველი მათგანის ისტორიაზე. არადა, რომ დავფიქრდეთ, ყველას ამოყვანა შეიძლება განსაცდელიდან. იქ, ზემოთ, მაღლა, თავში გვჭირდება ადამიანის გასაჭირის გამზიარებელი ხალხი. მინდა, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ერი. უხაროდეს. სჯეროდეს. არადა, უჭირს. შია. წყურია წყალიც და სიმართლეც. ბევრი ოჯახი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. მიყურებენ და ჰგონიათ, მე არ ვიცი შიმშილის ფასი. ვიცი. ჭუბერის გზაზე ბალახის ღეროც გემრიელია. მდინარის წყალი, კბილებს რომ გამტვრევს, შენთვის კომპოტია. აქ დაინახავ, ვინაა შენი ნამდვილი მეგობარი და ვინ მიგატოვებს. ვინ გაგიზიარებს ლუკმას და ვინ დაგიმალავს. ვინ დაგეხმარება და ვინ მომაკვდავს კიდევ პალტოს გაგხდის. ეს უნდა გაიარო. ეს უნდა შეიგრძნო. ეს უნდა გეტკინოს. ამას ვერც ერთ ფილმში ვერ ნახავ. ჰოდა, ახლაც ჭუბერზე ვარ. წინ მივდივარ. იმ რწმენით, რომ კოცონი და სოფელი გამოჩნდება. გათბება, გაერთიანდება ქვეყანა. ამიტომ ვითმენთ ამდენ შეურაცხყოფას, აგენტის ძახილს და ცილისწამებას. ზუსტად ვიცი: ჩემი ქვეყნისთვის ფიქრშიც არ მიღალატია. აი, იმ თბილი, გამთლიანებული საქართველოს გამო, ვიტანთ, რომელიც ჩემთვის და ჩვენთვის მომავალშია და რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ, ვიმოქმედოთ. ვერავინ და ვერაფერმა ვერ უნდა გაგვაჩეროს!!! ვერაფერმა!!!
ბევრი რამ მასწავლა ჭუბერის გზამ. სახლში რომ დავბრუნდი და სარკეში ჩავიხედე, სულ თეთრი თმა მქონდა.

როდის დამთავრდება ეს გზა ჩემთვის? მაშინ, როცა გავთბებით და გავმთლიანდებით. მანამდე ჭუბერზე ვარ.

ლია მირცხულავა, პავლე ზაკალაშვილი, დიანა ციბაძე, ნოდარ ლეკვეიშვილი, ინგა ალავიძე,- ამ უკარგეს და მამაც რეჟისორ-ოპერატორ და ჟურნალისტებთან ერთად ვიარე. 1993 წლის 27 სექტებერი- 2 ოქტობერი. 28 წელი გვიდა”,-წერს ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაში28 წლის წინ ამ დროს სოხუმში და მის მიდამოებში ქარველების სისხლის მდინარეები მოედინებოდა
შემდეგი სტატიასოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა