ირმა ინაშვილი: ბოროტი მიზანია, როცა მეუფე სტეფანეს მუდმივად და მიზანმიმართულად ხელს უშლიან წირვის აღსრულებაში…

ყველა ეპოქას თავისი მრავალწახნაგოვანი გამოწვევები ახლავს. ამ ეპოქაში ჩვენთვის მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, ურთიერთპატივისცემის მიზნმიმართული მოშლაა, რაც პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარე ცილისმწამებლურ, უზნეო, ხანგრძლივ კამპანიაში ასე ღიად, ასე მკაფიოდაა გამოხატული. ჩვენი წინაპრები ნატრულობდნენ იმგვარ მტერს, რომელიც პატივისცემის ღირსი იქნებოდა. დააკვირდით, აქაც პატივისცემის ფაქტორი რაოდენ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასეთ მტერთან პაექრობა, თუ ბრძოლა სულ სხვა საფეხურია, ვიდრე იაფფასიან ვირთხასთან ჭიდილი, რომელსაც შენდამი მხოლოდ ვიწრო, პირადული შურისძიება და ზიზღი ამოძრავებს და არა იდეური, მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება.
ჩვენ კი რას ვხედავთ? პატივისცემის ღირს მტერს ვეძიებდეთ კი არა, ჩვენი საზოგადოების ყველაზე სუფთა, ყველაზე წესიერ, ყველაზე მზრუნველ, ყველაზე გამორჩეულ წევრს, ჩვენი ერის ყველაზე დიდ მოკეთეს, ჩვენს სულიერ მამას- პატრიარქს გვილანძღავენ და ვინ?! განა ამ პატარა… ადამიანად წოდებულ არსებებს პატრიარქზე მეტი აქვთ ან ნაღვაწი და ან ნაშრომი ჩვენი ქვეყნისთვის? მაგრამ პატრიარქი იმიტომაა სამიზნე, რომ ის ყველაზე კარგია!!! და ეს ყველაზე კარგი უნდა შეურაცხჰყონ, რომ შენ… რომელიც არა ხარ, ვერა ხარ ასეთი კარგი, იჯდე სამზარეულოში და ფიქრობდე: პატრიარქს რა აკადრეს და მე რას მიზამენ…
ეს ხდება ახლა ჩვენს თვალწინ… აი, ამ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება.
მეუფე სტეფანეს ირგვლივ რაც ხდება, ესეც ზემოხსენებული კამპანიის ნაწილია. დღეს სწორედ მეუფე სტეფანესთან იკვეთება დედაეკლესიის დაცვის მოცემულობა. თუ მეუფე სტეფანეს გატეხენ (და ის არ გატყდება), საპირისპირო მხარე ფიქრობს, რომ პატრიარქის სიტყვას წააქცევენ და დედაეკლესიას დააზიანებენ. ეს ბოროტი მიზანია, როცა მეუფე სტეფანეს მუდმივად და მიზანმიმართულად ხელს უშლიან წირვის აღსრულებაში… ეს ბოროტი მიზანია, როცა მეუფე სტეფანეს მიაწერენ იმ სიტყვებს, რაც მას არ უთქვამს… ეს მიზანია, როცა მეუფე სტეფანეს ტურებივით გარს უვლის ორი-სამი ვითომ მღვდელმსახური და სინამდვილეში,- არშემდგარი პარტაქტივისტი. ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ სურათს სწორად ხედავს და აფასებს. ეს ჩანს საჯარო კომენტარებიდან და დამოკიდებულებიდან მეუფე სტეფანეს მიმართ, რომელიც ნამდვილად გამორჩეული სასულიერო პირია, მისი წესიერებით, მისი სუფთა გულით და მისი ჩუმი ღვაწლით-წერს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია