ირმა ინაშვილი: ბატონო თალაკვაძე-სააკაშვილო!!!

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა (განსაკუთრებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ოპოზიციისა თუ პრეზიდენტის დესტრუქციულ ქმედებებზე, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზეც კი და ა.შ.) სააკაშვილი გამახსენა. დიახ, სწორედ სააკაშვილი გამახსენა, რომელსაც თავი პარლამენტიც ეგონა, სასამართლოც ეგონა, ჰიმნი და გერბიც ეგონა და ფინალში როგორ დაასრულა საქართველოს ჰიმნობაც და გერბობაც, ყველას კარგად გვახსოვს.


არ ვიცი, სად და როგორ ჩნდება პოლიტიკოსთა ამ ტიპის კატეგორია, რომელსაც ჰგონია: თუ უმრავლესობაში მოვა, ყველაფრის უფლება აქვს. ყველაფერი თვითონაა და ამიტომ შეუძლია,- ოპოზიციას ყოველგვარი სისულელე აკადროს. ვიმეორებ: ვერ ვიხსენებ, რომ ბატონი თალაკვაძე ასეთი რიხით საუბრობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა 2007 წელს ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”-ს, 2008-2011 წლებში კი, სახალხო დამცველის აპარატის მოწინავე მუშაკი იყო. რიხით სასაუბრო მაშინ იყო, თუ იყო!
დარწმუნებული ვარ, არჩილ თალაკვაძე იმ პერიოდში ოპოზიციის შეურაცხყოფას კი არა, ზემდგომი ხელმძღვანელი პირის მისალმებას ვერ ბედავდა, ისეთი მორიდებული და თავმდაბალი იყო. ახლა გაიზარდა და გაეზარდა რწმენა, რომ “ვიღაცაა”… და ჰგონია, რომ როცა სადმე ხანძარი ჩნდება და მე დაზარალებულებთან მივალ, ეს მას, როგორც ამ “ვიღაცას”, უნდა შევუთანხმო (ჩემი კომენტარებიც ხომ არ შეგითანხმოთ, ბატონო არჩილ?). ჰგონია, რომ თუ რაიმე კანონპროექტი არ მომეწონება, უნდა შემახსენოს, რომ, თურმე, სახელმწიფო საპარლამენტო ოპოზიციას აფინანსებს… ჰგონია თვითონაა ბიუჯეტიც და ჩემი ამომრჩეველიც, ამიტომ სჯერა, რომ ხელფასს თვითონ მიხდის. ესაა ჩვენი დროის სააკაშვილობა. ესაა ჩვენი დროის სააკაშვილიზმი. ჰოდა, ჯერ აქ გავჩერდეთ, ბატონო თალაკვაძე-სააკაშვილო.
ისე, თუ სადმე ხანძარია, ან რაიმე სხვა კატასტროფა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, პოლიტიკოსი მეხანძრეც უნდა იყოს, სანიტარიც და ჯარისკაციც. ეს ისეთი მარტივი ჭეშმარიტებაა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელსაც კი ესმის, ამიტომ ბატონო არჩილ, ოპოზიციას ენას კი ნუ შეაჩვევთ, მოკრძალება და პატივისცემა გამოიჩინეთ.
P.S. “ქართული ოცნების” facebooke- მხარდამჭერებს ვთხოვ: ნუ გამოიყენებთ საკმაოდ გაცვეთილ ხერხს, როგორმე დააკავშიროთ ჩემი პოსტი და კომენტარი სრულიად აბსურდულ ვერსიასთან, თითქოს ბოკერიასთან ვარ შეკრული 🙂 და ნაცისტებთან ერთად ვაპირებ აქციების ორგანიზებას. სულხან მოლაშვილის მწამებელი ბოკერია ვინ გადაარჩინა და დღეს ვინ აძლევს პოლიტიკურ წონას, ვინ უღალატა ქართველი ხალხის მოლოდინს და ვინ და როგორ გააცოცხლა 2012 წლის შემოდგომაზე “დაბრედილი” ნაციონალური მოძრაობა, ამაზე ფაქტებით ვილაპარაკოთ, როცა გინდათ და სადაც გინდათ!-წერს ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-სამტრედიის რაიონში ქალმა 75 წლის მამაკაცი დააყაჩაღა
შემდეგი სტატიათუ იცნობთ ადამიანს, რომელსაც შია, უამბეთ ამ ინიციატივის შესახებ