ირმა ინაშვილი – აქციები და პროტესტი არ შეწყდება, ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“ – დაამთავრე ამპარტავნება, ტყუილი, წამოდი კონსენსუსზე

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი უტეხობა, ჩვენი სულისკვეთება, მივცეთ გაფრთხილება ხელისუფლებას, არ შეიძლება არ გესმოდეს შენი ხალხის ხმა, – ამის შესახებ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ხალხი დღეს „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ არა ტყუილს, ეს უნდა დამთავრდეს.

„როდესაც გვეუბნებიან, რომ ხალხს არ აინტერესებს საარჩევნო სისტემა – არ გვაინტერესებს? როგორ არ გვაინტერესებს, არჩევნებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. როდესაც 73 ოლქში მაჟორიტარ დეპუტატს შენ აძლევ, უწერ გამარჯვებას, ერთი პარტიის დეპუტატი იმარჯვებს ყველგან, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და ამის წინააღმდეგ ვართ ჩვენ. საგარეჯოში ორჯერ ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვის წაართვეს გამარჯვება საგარეჯოში? მე წამართვეს, ორჯერ წამართვეს. ამათ ხელში რა აზრი აქვს შერეულ არჩევნებს, ისევ ერთი პარტიის ხალხი უნდა ჩასვან იქ, ანუ პარტიული სიით არჩევნები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ტყუილის და პოლიტიკური სპექტაკლების დამთავრება – ეს არის სამართლიანი მოთხოვნა, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ წამოვიდეს ამ კომპრომისზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მშვიდობიანი მსვლელობით შეუერთდნენ ოპერის წინ მიმდინარე აქციას.

„ჩვენ აქციის გეგმებზე, სტრატეგიებზე განვაგრძობთ საუბარს აქციის მეორე წერტილიდან – ეს არის ოპერა. ჩვენ მწყობრად, მშვიდად უნდა დავიწყოთ ორგანიზება და მსვლელობა ოპერისკენ, სადაც გამოვლენ უკვე ჩვენი პარტიის ლიდერები და გააკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს, კონკრეტულ გეგმას. აქციები და პროტესტი არ შეწყდება. ცარიელია პარლამენტი, ყველა აიძულეს ქუჩაში გამოვსულიყავით. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, საკითხები პარლამენტში უნდა წყდებოდეს, მაგრამ არ გვაძლევენ ამის საშუალებას, იძულებულები ვართ გამოვიდეთ ქუჩაში. ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“ – დაამთავრე ამპარტავნება, ამდენი ტყუილი, წამოდი კონსენსუსზე, ჩვენი ქვეყანას ამდენს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ უტეხობა, სულისკვეთება. მივცეთ გაფრთხილება ხელისუფლებას, არ შეიძლება არ გესმოდეს შენი ხალხის ხმა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი იმყოფება
შემდეგი სტატიაატენის ქუჩაზე მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა