ირმა ინაშვილი: ამუშავდა მთელი ინდუსტრია: სოციალური ქსელი მოიცვა ჩვენს შესახებ მომზადებულმა ყალბმა „ამბებმა“ და ვიდეოებმა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 23, 2019 22:02

ირმა ინაშვილი: ამუშავდა მთელი ინდუსტრია: სოციალური ქსელი მოიცვა ჩვენს შესახებ მომზადებულმა ყალბმა „ამბებმა“ და ვიდეოებმა

მორიგჯერ მივმართავ ხელისუფლებას – 2020 წლის არჩევნებამდე შესაცვლელია კანონმდებლობა კიბერუსაფთხოების მიმართულებით. მხოლოდ ამ გზით გახდება ნათელი, რომ არ გჭირდებათ ბოტების სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, 2020 წელსაც იმავეს გააკეთებთ და გააკეთებინებთ სააკაშვილ-ბოკერიას ფეიკსისტემას, რასაც უპრობლემოდ აკეთებდით და გვიკეთებდით 2016-ში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ტროლი, ბოტი, ავატარი, ფეიკი, – პოლიტიკური ბრძოლის ეს სრულიად დაუშვებელი ინსტრუმენტი ჯერ კიდევ კარგად არც იყო ათვისებული და აპრობირებული საქართველოში, რომ პირდაპირი და მასირებული შტურმი გახსნეს ჩვენი პარტიის წინააღმდეგ.

მაშინ განსაკუთრებული შეტევის ქვეშ მე და დავით თარხან-მოურავი აღმოვჩნდით. ავატარების, ფეიკების, ტროლებისა და ბოტების შეტევა მიზნად ისახავდა 2016 წლის არჩევნების წინ ჩვენს მაქსიმალურ დისკრედიტაციას და ამდენად, არა მარტო მიზანმიმართულად ამახინჯებდნენ ჩვენს კომენტარებს თუ მოსაზრებებს, არამედ გვაწერდნენ იმ „იდეებს“, რაც არასდროს გვითქვამს.

ამუშავდა მთელი ინდუსტრია: სოციალური ქსელი მოიცვა ჩვენს შესახებ მომზადებულმა ყალბმა „ამბებმა“ და ვიდეოებმა. ათობით მემონტაჟე იყო საჭირო ჩვენი გადაცემების ნახვის, დაჩეხვის, მონტაჟისთვის, რასაც სპეციალურ ჯგუფებს პოლიტიკური და ფინანსური დამკვეთები თვეების განმავლობაში ავალებდნენ, ამზადებინებდნენ და ავრცელებინებდნენ. ათობით გვერდი გაიხსნა ჩემი და დავით თარხან-მოურავის სახელით, რომელიც საერთოდ არ სარგებლობს „ფეისბუქით“. მილიონჯერ ვწერდი და ვიმეორებდი, რომ დავით თარხან-მოურავს არ აქვს პერსონალური გვერდი, მაგრამ ეს ტროლები, ფეიკები და ზოგჯერ არაფეიკებიც არ წყვეტდნენ კითხვის დასმას – ნუთუ ეს ბრძანა ბატონმა დავითმა?! ნუთუ ეს თქვენ თქვით, ქალბატონო ირმა?!“, – წერს ირმა ინაშვილი.

მისი თქმით, ბევრჯერ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

„მხოლოდ ერთხელ, გიორგი გახარიას მინისტრობის დროს, ჩემი წერილის საფუძველზე დაბლოკეს რამდენიმე გვერდი. მანამდე წლების განმავლობაში ყალბი გვერდები აბნევდა საზოგადოებას და სახელმწიფო არ რეაგირებდა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წლების განმავლობაში მუქარის ასობით გზავნილს ვიღებდი, აღვირახსნილ შეურაცხყოფას, დაცინვას და აბუჩადაგდებას ვინ მოთვლის, ეს, თურმე, უნდა მოითმინო, რატომ, – გაუგებარია. პირდაპირ ვამბობ, მსგავსი ტიპის შეტევის ატანა ყველა ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია. ვიღაც მორალურად გატყდება, ვიღაც შეშინდნება, ვიღაც საერთოდ უარს იტყვის პოლიტიკაზე.

გავიხსენებ იმასაც, რომ 2016 წლიდან პარლამეტში შესვლისთანავე საჯაროდ ბევრჯერ მივმართე ხელისუფლებას, რომ შეგვეცვალა კიბერდანაშაულის შესახებ კანონმდებლობა (იხილეთ ეს გამოსვლები ინტერნეტში), რომ შეგვექმნა სპეციალური კიბერპოლიცია, მაგრამ აქაც ყრუ კედლებს დავეჯახეთ. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი აზრები და იდეები მოსწონს და ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ ან საზოგადოების ან ოპოზიციის მხრიდან მიწოდებული აზრები გაეზიარებინოს. ასე გავიდა კიდევ სამი წელი.

ცხადია, მაინტერესებდა, ვინ აკეთებდა ამას, ანუ ვინ გვებრძოდა ასეთი უთანასწორო ხერხებით სოციალურ ქსელში. რაც შეეხება მუქარის ნაწილს, აქ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არაფერ შუაში იყო და არავინ „ქართული ოცნებიდან“ მე არასდროს არ დამმუქრებია. მუქარის ნაწილში სააკაშვილ-ბოკერიას ტროლ-ბოტები და რეალური პერსონები აქტიურობდნენ. პიარშეტევის ნაწილში კი „ქართული ოცნების“ გვერდები ისევე გვებრძოდნენ, როგორც სააკაშვილ-ბოკერიას ავატარ-ფეიკები. ასე რომ, ტროლებს „ქართული ოცნებაც“ იყენებდა და აქტიურად იყენებენ სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფები. კიდევ სხვა, გაცილებით წვრილი ჯგუფებიც აქტიურობენ, რომლებიც ამინდს ვერც ქმნიან სოციალურ ქსელში და მით უმეტეს, გარეთ – რეალურ პოლიტიკაში. საერთოდ, ტროლების ინდუსტრიას ფლობს ის, ვისაც არ აბრკოლებს ზნეობრივი ბარიერი, აქვს ფინანსური გავლენები და პოლიტიკური მიზნები.

ახლა, რაც შეეხება „ფეისბუქის“ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის თემას. ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი სახელით იმდენი ყალბი გვერდი იყო შექმნილი, რომ 2016 წლის შემდეგ, უკვე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რამდენჯერმე პარლამენტიდან მივწერე წერილი „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, რომ დაებლოკათ ეს გვერდები, მაგრამ ამაოდ. საპასუხო წერილები იმდენად არაადეკვატური და პოლიტიკურად მიკერძოებული იყო, რომ აქაც ჩანდა სააკაშვილ-ბოკერიას ლობისტების გავლენის კვალი.

ბოლო დღეებში ტროლებისა და ბოტების თემა კვლავ გააქტიურდა. მორიგჯერ მივმართავ ხელისუფლებას – 2020 წლის არჩევნებამდე შესაცვლელია კანონმდებლობა კიბერუსაფთხოების მიმართულებით. მხოლოდ ამ გზით გახდება ნათელი, რომ არ გჭირდებათ ბოტების სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, 2020 წელსაც იმავეს გააკეთებთ და გააკეთებინებთ სააკაშვილ-ბოკერიას ფეიკსისტემას, რასაც უპრობლემოდ აკეთებდით და გვიკეთებდით 2016-ში!“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქზე“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 23, 2019 22:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,230
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics