ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, დუბლინის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი კვირას, 20 სექტემბერს განხორციელდა.
დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცი, 7 ქალი და ერთი 5-სულიანი ოჯახია (3 ბავშვით). ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულებიდან 4 მამაკაცი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყო გასამართლებული.
ირლანდიის მთავრობის განცხადებით, სპეციალური თვითმფრინავის დაქირავება და ფრენის უზრუნველყოფა ბიუჯეტს 225 575 ევრო დაუჯდა.
„მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობს და ირლანდიის საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეაქვს“, — განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა, ჯიმ ო’კალაჰანმა.








