ირინა სარიშვილი: რუსეთის, როგორც იმპერიის დაშლა დაიწყება მაშინ, როდესაც ის დაკარგავს უკრაინას

პოლიტიკოს ირინა სარიშვილის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვა–ბანკზე წავიდა და შექმნა სიტუაცია, საიდანაც ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული გამოვა. ამის შესახებ სარიშვილმა „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს ძალიან კომიკურად გამოიყურებიან საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებები –ერთის მხრივ უკრაინის ბრალდება, რომ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და მეორეს მხრივ, ექსტრადაციის შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქარველოში ამაყად დახვდებიან ბიუჯეტის ხარჯზე ნაყიდი 7 პიჯაკით. ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელოა იმ პროცესებთან შედარებით, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს. სამწუხაროდ, ემოციების გამო ჩვენ რეალურად არ ვაკეთებთ ანალიზს, თუ რა მნიშვნელობის მოვლენების წინაშე ვდგავართ და არა იმიტომ, რომ სააკაშვილზეა საუბარი. სააკაშვილი აღმოჩნდა ის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც მიუხედავად ძალიან დიდი პრესისა, რაც მან ამ წლების განმავლობაში გაიარა, თავისით მოახერხა ისე პოზიციაში თავის ჩაყენება, რომელიც აბსოლუტურად წაუგებელ ვარიანტს ნიშნავს მისთვის.

რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს – თუნდაც სააკაშვილის პირად ინტერესებზე იყოს საუბარი, ამის უკან დგანა ის სახელმწიფოები, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცის მომავალის გარანტიებს ქმნიან. ამ პროცესებით უპირველესად საქართველო უნდა იყოს დაინტერესებული. რუსეთის, როგორც იმპერიის დაშლა დაიწყება მაშინ, როდესაც ის დაკარგავს უკრაინას. ამიტომ, მთელი პროცესი, რაც ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს უკრაინაში, ამ მიზანს ემსახურება. ჩემი ღრმა რწმენით, სააკაშვილი წავიდა ვა–ბანკზე და რაც არ უნდა გაუკეთონ მას დღეს, ყველა შემთხვევაში გამარჯვებული გამოდის და ალბათ ამიტომაც ვისმენთ დღეს არააქდეკვატურ კომენტარებს.

იმ ვოიაჟის შემდეგ, რაც სააკაშვილმა განახორციელა, იმ მხარდაჭერის შემდეგ რაც პოლონეთში და საზღვართან ვნახეთ, როგორ ფიქრობთ, ცივილური სამყარო როგორ აღიქვამს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას იმ აბსურდული ბრალდებებით, რომელსაც მას საქართველოს ხელისუფლება უყენებს. ვიმეორებ, სააკაშვილი წავიდა ვა–ბანკზე, რაც ნიშნავს იმას, რომ უკონტროლო პროცესები იწყება და არავინ იცის ვის რა მოუვა, მაგრამ მის ამ ნაბიჯს მეტი სისულელის ჩადენის შემთხვევაში ნამდვილად გადაჰყვებიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებები“,– განაცხადა ირინა სარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატიალვოვის სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ