ირინა სარიშვილი: მონური სიცოცხლე როგორ შეიძლება უმაღლესი ღირებულება იყოს როგორ???

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 10:25

ირინა სარიშვილი: მონური სიცოცხლე როგორ შეიძლება უმაღლესი ღირებულება იყოს როგორ???

ორი დღეა მდუმარედ თვალს ვადევნებ “ბასიანში” და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც მოახერხა ის, რომ ჯერ საზოგადოება მოამზადა და შემდეგ საკუთარი ყოვლად უმსგავსო ქმედება საზოგადოებრივ დაკვეთად გააფორმა. ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან!
არ ვიცი, რამ უფრო შემზარა – შსს–ს ქმედებამ თუ ამ ქმედებაზე საზოგადოების დიდი ნაწილის რეაქციამ. ალბათ მეორემ, და შევეცდები აგიხსნათ რატომ.

შსს–ს, ანუ ხელისუფლების ქმედებას რაც შეეხება, აქ ჩემთვის ბევრად მარტივადაა საქმე: 3 თვე ემზადებოდა, როგორც თავად აცხადებს, სხვა წამლად გასაღებული სასიკვდილო პრეპარატის საკონტროლო შესყიდვებსაც ახორციელებდა და მშვენივრად იცოდა, ვინ უნდა დაეჭირა. ამ 3 თვეში დაიღუპნენ ადამიანები, რაც სავარაუდოდ ასევე მოსამზადებლად იყო საჭირო, საზოგადოება საყოველთაო აღშფოთებამ მოიცვა, გაისმა ფრაზები – დავხოცოთ, დავხვრიტოთ და ა.შ. ბარიგები და აი ასე, უკვე “მომზადებული” შევარდა “ბასიანში” და სხვაგანაც, დადგა შოუ და დაიჭირა (ისიც საკითხავია, სად და როდის დაიჭირა) რამდენიმე რეალიზატორი.
ამ ყველაფერს რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა არ ჰქონია მიზნად, ზოგი უკვე ვხვდებით და ზოგიც მოგვიანებით მიხვდება. რას მიხვდება? რას და იმას, რომ თუ უკვე იცი ვინ არის რეალიზატორი, ის 3 თვე, სანამ “ემზადები”, უნდა უთვალთვალო, რომ მან შემომტანზე გაგიყვანოს, რადგან მთავარი ბოროტმოქმედი სწორედ შემომტანია. სწორედ ის ასაღებს ერთ წამალს სხვა წამლად და არა მხოლოდ ამ წამლის მომხმარებელს, არამედ რეალიზატორსაც ატყუებს. აბა რეალიზატორს რაში აწყობს ასეთ რისკზე წასვლა – ის ხომ ბოლო რგოლია შემომტანსა და მომხმარებელს შორის.
თუ რატომ დაკმაყოფილდა შსს მხოლოდ რეალიზატორების დაკავებით – ჩლუნგია და მეტი არ შეეძლო, თუ უბრალოდ არ აწყობს, რადგან ამ ყველაფრის უკან ტრადიციულად თვითონ დგას, ამაზე ახლა ნუ ვიდავებთ, სხვა დროს გავარჩიოთ. ამ წუთას საინტერესო მხოლოდ ისაა, რომ დამკვეთების და შემომტანების პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ეს ყველაფერი ძალიან გავს ან თავისიანების დაბალი რგოლის გაწირვას, ან შიდა კლანურ ბრძოლას ვთქვათ შსს–ს ამჟამინდელ და ყოფილ ხელმძღვანელობას შორის.
ეს რაც შეეხება შსს–ს ანუ ხელისუფლებას.

მომხდარზე ბევრად უფრო შემზარავი, პირადად ჩემთვის, როგორც უკვე გითხარით, “შემზადებული” საზოგადოების დიდი ნაწილის რეაქციაა უმსგავსობაზე, რაც იმ ღამით მოხდა და რაც ლოგიკური გაგრძელება იყო მანამდე იმავე დღეს არსად არწასული ივანიშვილის “დასაბრუნებლად” ჩატარებული ამაზრზენი ყრილობა, ამაზრენი თავისი შინაარსითაც, ფორმითაც, დასრულებული გულისამრევი ტაშით. სწორედ ამ ტაში გაგრძელებაა ის რეაქცია, რაც ღამის კლუბების დარბევას მოჰყვა ჩვენი ზრდასრული საზოგადოების სავარაუდოდ უმრავლესობის მხრიდან.

ჩემი, ჩემზე უფროსი და ჩემზე ცოტა უმცროსი თაობის სოლიდური ნაწილი შსს–ზე არანაკლები მონდომებით მიმდგარა და 2 დღეა ლანძღავს, აგინებს, სასიკვდილოდ იმეტებს საკუთარი შვილების თაობას, იმ თაობას, რომელიც ჩვენსას მილიონჯერ ჯობია თუნდაც იმითი რომ ჩვენსავით ყალბი არ არის! რასაც ფიქრობს, როგორც ფიქრობს, ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია, ისე წყდება მისთვის გულისამრევად ყალბ, უბადრუკ ცხოვრებას ღამის კლუბებში. ცხოვრობს, კი არ არსებობს, შეცდომებსაც უშვებს, კარგიც ჰყავს და ცუდიც, ჭკვიანიც და სულელიც, განათლებულიც და გაუნათლებელიც, ზუსტად ისე როგორც ჩვენ თაობას ჰყავდა ახალგაზრდობაში, მაგრამ ჩვენი თაობისგან განსხვავებით, ყალბი არ არის, ვერ ეჩვევა ამ სიყალბეს და გარბის წინ! და ეს ძალიან კარგია! აბა ჩვენ გვიყურონ როგორ ვჭამთ ერთმანეთს, ვხრავთ თითქმის მათი ასაკიდან, როგორ მაინც ვერ გავიზარდეთ, როგორ ვერ ვიტანთ ჩვენგან განსხვავებულებს და ვინც თავს დააღწევს ამ საყოველთაო ურთიერთსიძულვილის მორევს და წინ გაიხედავს, როგორ ვექაჩებით უკან ჭაობში! ამას უყურონ და ამის დაიჯერონ?! თუ ჩვენი ღირებულებები აიტაცონ – დიპლომი, გათხოვება, ცოლის მოყვანა, დაბინავება და ფლოსტებში წაყოფილი ფეხები ტელევიზორის წინ?! თუ მარხვა და მარხვის დროს სამარხვო ფახიტასებითა და ტორტებით მუცლების ამოვსებას თხოვთ?! რომელი უფრო დაცინით ღმერთს, ვერ ხვდებით?! რუსთაველის ძეგლს ვერ ცნობენო – და თქვენ თუ ცნობთ და პირზე კოცნით ხართ, რამე გაიგეთ რაც დაზეპირებული გაქვთ იქიდან მაინც?! ვაჟა–ფშაველა არ იციანო – და თქვენ, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილებმა იცით და გიყვართ და გესმით ამ ბუმბერაზი კოსმოპოლიტის?! ბებერო “მარფინისტებო” თქვენ მაინც არ გრცხვენიათ?! რას მიადექით და ლანღავთ ამ ბავშვებს, რაო აქაოდა ჩვენ უფრო დასტოინად ვკაიფობდითო?! ტფუი, მართლა ტფუი!
ეხლა თურმე 9 აპრილის მემორიალზე ცეკვაც მკრეხელობაა, უფრო სწორად ქვაზე, რომელზეც წარწერაა: “აქ აღიმართება მემორიალი”?! აღმართეთ ახალგაზრდების ცეკვით ძალიან შეწუხებულებო ამდენი წლის განმავლობაში რამე და იმას შეახტა ვინმე?! ან თუნდაც შეხტომოდა და ეცეკვა – 9 აპრილი რისი დღეა გესმით?! თავისუფლების!!! საერთოდ იცის ჩემი თაობის უდიდესმა ნაწილმა რას ნიშნავს თავისუფლება?!
ჩვენი მთავარი ღირებულება სიცოცხლეაო გაიძახით! ჯერ ერთი არ არის ეს სწორი – სიცოცხლე კი არა, თავისუფლებაა მთავარი ღირებულება. მონური სიცოცხლე როგორ შეიძლება უმაღლესი ღირებულება იყოს როგორ??? მეორეც – რასაც ამბობთ, თუნდაც არასწორს, იმაშიც ცრუობთ და ყალბები ხართ – აბა მაშინ როგორ უსურვებთ თქვენი შვილების თაობას სიკვდილს, დახვრეტას, ამოწყვეტას?! თვლით რომ ცდებიან? გვერდით დაუდექით, გაყევით თუნდაც შეცდომაში და მარტო არ დატოვოთ და ბოლომდე მათთან იყავით თორემ ან დაკარგავთ ან ჩატოვებთ იმ ჭაობში, რომელსაც ჩემი თაობა სამწუხაროდ მიჩვეულია.
აი ეს არის ჩემი აზრით სიმართლეც და მთავარი პრობლემაც., და სწორედ ამიტომ, ნებისმიერი უმსგავსობა რასაც ნებისმიერი ხელისუფლება სჩადის, ასეთი უმსგავსო საზოგადოების დაკვეთით ხდება! მერე, როცა თითს დავუქნევთ დამნაშავე ხელისუფლებებს, ეს კარგად უნდა გვახსოვდეს!

და ყველაზე მთავარი საფრთხე რაც ჩვენში როგორც ჩანს გენეტიკურად ზის და ეს პრობლემა სამწუხაროდ უფროსი თაობის მსგავსად ახალგაზრდობასაც აქვს – მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა, მხოლოდ იმ პრობლემის გარშემო ტრიალი რაც კონკრეტულად ჩვენ გვეხება. აი რაში უნდა დავეხმაროთ ჩვენს ძალიან კარგ მომავალ თაობას, რომ ამაში ჩვენ არ დაგვემსგავსონ და “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”–სგან შორს ძალიან შორს დადგნენ, რომ ვინმე არამზადამ თავზე ხელი არ გადაუსვას ფარისევლურად, რაღაც სურვილები დაუკმაყოფილოს და შემდეგ შვენსავით გამოიყენოს. დავეხმაროთ და არა ვწყევლოთ, ვაგინოთ, ისე როგორც ამას ამდენი წელია ერთმანეთს ვუკეთებთ! ნუ ვწამლავთ ჰაერს ურთიერთსიძულვილით, ბოღმით გესლით! გვახსოვდეს – ჰაერს, რომელსაც ჩვენი თაობა აბინძურებს, ჩვენი შვილები სუნთქავენ!

P.S. არ ვიცი, რამდენად გაგაგებინეთ, რისი თქმაც მინდოდა და რა ემოციებიც მახრჩობს ამ წუთას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როგორ არეულადაც არ უნდა მეწეროს ეხლა ჩემი სათქმელი, იმისთვის, ვინც ჯერ კიდევ მაშინ წინ აღუდგა საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებს და ეს ჯოჯოხეთი პირად ცხოვრებაშიც და საქმეშიც საკუთარ თავზე გამოსცადა, ადვილად მიხვდება რაც დავწერე და რასაც ეხლა ამ წუთებში ვგრძნობ.
მე ვარ ჩემ შვილებთან!

ირინა სარიშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 10:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics