ირინა სარიშვილი: “მოდელირებული ამომრჩეველი-რეპეტიცია არჩევნების წინ”

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია.
ყველა წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ძალიან უჩვეულო სურათი გვაქვს:
ნაცვლად წინასაარჩევნო გაერთოანებების, კოალიციების, თუნდაც დროებითის, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული კოალიციების იშლება, იქმნება ახალი ორგანიზაციები და ყველა მათგანი თითქოს დარწმუნებულია დამოუკიდებლად საკუთარ წარმატებაში. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ბარიერის გაუქმების ან 2–3 პროცენტამდე შემცირების პირობებში, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ არაბუნებრივად მრავალპარტიულ, დაახლოებით კაცნახევრიან ფრაქციებს, რასაც სრულად გააკონტროლებს დღევანდელი ხელისუფლება. არსებული ბარიერის პირობებში კი ვერც ერთი ეს პარტია, გარდა “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობისა” (შესაძლებელია “ლეიბორისტებიც), ამ ბარიერს ვერ გადალახავს და მათი ხმები გადაუნაწილდება სავარაუდოდ , დღევანდელ ხელისუფლებას… ამ შემთხვევაში ხელისუფლება თვითონაა დაინტერესებული, :ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე” ნახევრად მყოფი პარტიების რეიტინგის გაზრდით, ოღონდ 5 პროცენტამდე: ამ გზით ისინი ამ ორბიტიდან აღებულ ხმებს თვითონ ინაწილებენ.
მოდით ამას შევხედოთ არა პოლიტიკოსის, არამედ ამომრჩევლის მხრიდან, ანუ წარმოვიდგინოთ ერთგვარი მოდელირებული ამომრჩეველი და შეძლებისდაგვარად ვივარაუდოთ, როგორ მოიქცევა ის არჩევნების დღეს.
უფრო კონკრეტულად:
2012 წლის არჩევნების დღიდან საქართველოში შეიქმნა ორი პოლიტიკური ორბიტა ორი პოლიტიკური ღერძის გარშემო:
1. “ქართული ოცნება” – ბიძინა ივანიშვილი
2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – მიხეილ სააკაშვილი.
დროთა განმავლობაში ( 4 “ნათელი” წელიწადი) ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ეს ორი ძირითადი ორბიტა შენარჩუნდა და პოლიტიკურ მოედანზეც ისევ ორი “მოთამაშეა” – ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი თავისი დაქირავებული ფასიანი მთავრობით და მიხელი სააკაშვილი, 50მილიონიანი ქვეყნის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა.
წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო შემცირდა “ოცნების” აბორიგენ მხარდამჭერთა რიცხვი.
“ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციის, ამომრჩეველთა რიცხვი აქედან გამომდინარე, გაიზარდა, ან უნდა გაზრდილიყო…
შესაბამისად, ამომრჩეველიც ამ ორი ორბიტის და მათში მოხვედრილი პოლიტიკური სუბიექტების გარშემო მოძრაობს.
“ქართული ოცნების” დღევანდელი ორბიტა მოიცავს აწ უკვე დაქუცმაცებულ “ოცნებას”, ჯიბის ოპოზიციას და ჯიბიდან თავამოყოფილ ახლად შექმნილ ან ახლებურად მოლაპარაკე ოპოზიციურ დაჯგუფებებს, რომლებიც ცდილობენ მეორე ორბიტის ამომრჩევლისგანაც რაღაც სარგებლის მიღებას, რადგან იქ, გარდა კონკრეტული პარტიის და მისი ლიდერისა, განსხვავებით “ოცნებისგან”. სრულიად კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმა და იდეოლოგიაა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე რჩებიან მხოლოდ ნაციონალები და მათი ძველი და ახლადშეძენილი მხარდამჭერები.
ამ შემთხვევაში ჩვენ არ შევეხებით უკვე ჩამოყალიბებულ, აზრიანად თუ უბრალოდ “ისტობით” განპირობებულ მხარდამჭერებს – ისინი უკვე არსებობენ და ამის ანალიზს აზრი არა აქვს.
მთავარი გახლავთ ამომრჩევლის ის 60 პროცენტი (ზოგიერთი მონაცემით 60–ზე მეტიც), რომლებსაც არ მიუღიათ გადაწყვეტილება, ვის აძლევენ ხმას ან იღებენ თუ არა საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას.
გაცილებით მარტივადაა საქმე “ქართული ოცნების” ორბიტაზე მყოფი ამომრჩევლისთვის, რადგან მას ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად გონების დაძაბვა ან ზოგადად გონება საერთოდ არ სჭირდება: ეს ის ნაწილია საზოგადოების, რომელსაც გონების დაბნელებამდე სძულს “ნაციონალური მოძრაობა” და მისთვის გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად საკმარისია ამ ორბიტაზე მყოფი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისგან დამაჯერებელი წინასაარჩევნო დაპირება ნაცების განადგურების შესახებ, და ამას დამატებული რაიმე სახის სოციალური თემა, ვთქვათ, ნაფტალინიდან ამოღებული ანაბრების თემა… “ქართული ოცნების” მიერ გაწბილებული, უფასო ფულის გარეშე ცოცხალი ნაციონალების წინაშე დარჩენილი ამ ტიპის ამომრჩეველი თავის ხმას რომელიმე “ჯიბის” ოპოზიციას უწილადებს და აქ გონება საერთოდ აღარაა საჭირო, მთავარია, ვინ უფრო ხატოვნად და ხმამაღლა აღწერს, რა გზით, ჩამოხრჩობით, ყელის გამოჭრით თუ დაპატიმრებით გაანადგურებს ნაციონალებს და მათნაირებს, რადგან, როგორც ეს ადრე აღვნიშნეთ, ამ ტიპის ამომრჩეველთა უმრავლესობას სძულს არა კონკრეტულად ნაციონალები, არამედ ეშინია იმ ახალი საქართველოსი, რომელშიც ის საკუთარ ადგილს ვერ ხედავს.
რაც შეეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორბიტას, აქ საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან გარდა ამ პარტიის მხარდამჭერთა უცვლელი რაოდენობისა, არის უამრავი ადამიანი, რომელიც არ არის ნაციონალი, არც მიშისტია, მაგრამ ხედავს ახალი საქართველოს მშენებლობისთვის გასატარებელი აუცილებელი რეფორმების მნიშვნელობას. ასეთ ამომრჩეველს, განსხვავებით “ქართული ოცნების” ამომრჩევლისგან, სჭირდება გონივრული დასაბუთება საკუთარი არჩევანის და ამდენად ის დილემის წინაშე დგას. ვიმეორებ, მე ვგულისხმობ იმ 60 თუ 60–ზე მეტ პროცენტს, რომელიც არც ნაცია, არც მიშისტი, მაგრამ მთელი შეგნებით ემიჯნება ჭაობს და მზადაა რაციონალური არჩევანი გააკეთოს, თუ ის მიიღებს კონკრეტულ პასუხებს შეკითხვებზე და საკუთარი პრეტენზიების შესაბამის ნაბიჯებსაც დაინახავს ამ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსებიდან.
უფრო კონკრეტულად ამ ორბიტაზე არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებზე:
1. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომლის მიმართაც ამომრჩეველთა ამ კატეგორიას აქვს სრულიად კონკრეტული კითხვები და პრეტენზიები, მაგრამ მათ ახალი საქართველოს შიში არ ამოძრავებთ და არ არიან ვინმეს სიძულვილით დაბრმავებულები;
2. ახალი პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, რომელშიც მართლა ძალიან კარგი, თანამედროვე და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები არიან გაერთიანებული, მაგრამ ამავე დროს, რომლის მოთავე “ოთხეული” ნაციონალებიდან ჯერ კიდევ ბევრისთვის დაუდგენელი მიზეზით თუ მიზნით ამ მოძრაობიდან გამოეყო და ფინანსურად კარგად უზრუნველყოფილი ცალკე პარტია დააარსა;
3.. “ოცნებიდან” წამოსული “თავისუფალი დემოკრატები” – ალასანია, და მოგვიანებით – “რესპუბლიკელები”, რომლებიც “გირჩების” კვალდაკვალ დაუზოგავად აკრიტიკებენ სხვადასხვა დროს მათ საერთო პოლიტიკურ სავანეს – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ რეფორმებზე უარს არ ამბობენ.
ეს ჩვენი “მოდელირებული” ამომრჩეველი – იგივე ახალი საქართველოს მშენებელი, ითხოვს პასუხს ამ ორბიტაზე მყოფი ყველა სუბიექტიგან.
კონკრეტულად:

გირჩები”:
–––––––––––––
“გირჩებმა” უნდა ახსნან, რა მომენტში და რატომ დაუპირისპირდნენ ისინი “ნაციონალურ მოძრაობას”, მით უმეტეს, რომ მათი ლიდერი – ზურაბ ჯაფარიძე ამ მოძრაობას 2012 წლის შემდეგ შეუერთდა;

გირჩებმა” უნდა დაარწმუნონ ეს ამომრჩეველი, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია რეალურად ოპოზიციური პარტიის დამფინანსებელმა ტენდერი მოიგოს;
“გირჩებმა” უნდა ახსნან, რატომ ამბობენ უარს კოალიციაზე, რადგან ყველაზე დიდ ეჭვს გონიერ ამომრჩეველში სწორედ ეს იწვევს.
“რესპუბლიკელები”
_________________
“რესპუბლიკელებმა” უნდა ახსნან, რატომ იყვნენ და დღესაც არიან ისინი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დასაყრდენი. მხოლოდ მეჭიაურთან, თოფაძესთან ან თუნდაც “პატრიოტთა ალიანსთან” მათი დაპირისპირება მათი ოპოზიციონერობის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის.
“რესპუბლიკელებმა” უნდა თქვან, რა გახდა სინამდვილეში მათსა და ნაციონალებს შორის განხეთქილების მიზეზი, რადგან ამ ამომრჩევლისთვის ცნობილია, რომ ისინი ნაციონალებს საურველ თანამდებობებზე დანიშვნაზე უარის მირების შემდეგ დაუპირისპირდნენ.
“თავისუფალი დემოკრატები” ალასანია
________________________________
ალასანიამ ამ ამომრჩეველს უნდა აუხსნას, თავის დროზე, როცა მიხელი სააკაშვილი ჯერ კიდევ იყო ხელისუფლებაში, რატომ დაუპირისპირდა მას, და შემდეგ როგორ მოახერხა რომ ძალიან მაღალი რეიტინგის საფუძველზე შექმნილმა ლიდერმა პირწმინდად წააგო იმ დროისათვის სრულიად ურეიტინგო ბურჯანაძესთან.
ალასანიამ, თუ არ ტყუის, რომ ბევრი რამ იცის “ოცნებაზე”, თავი უნდა დაანებოს უსუსური მუქარის შემცველი ტექსტებით კეკლუცობას და პირდაპირ თქვას სიმართლე, მათ შორის და პირველ რიგში ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაზე, რითაც დაასამარებს “ქართულ ოცნებას” და თვითონაც ბევრად გაიზრდება ამავე ამომრჩევლის თვალში.
და ბოლოს:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ამ ორბიტის ღერძი
______________________________________________
ჩვენი მოდელირებული ამომრჩევლისთვის, რომელიც შეგახსენებთ, არც ნაცია, არც მიშისტი და იმ 60 პროცენტს შეადგენს, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეუძლია, აქვს კონკრეტული პრეტენზიები და შეკითხვები ყოფილი ხელისუფლების მიმართ:
გრძნობს თუ არა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე და დანაშაულზე, რაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ჩადენილი;
ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში აპირებს თუ არა ის შურისძიებას პოლიტიკურ ოპონენტებზე;
ძალიან ხისტი რეფორმების გატარების დროს შეცვლის თუ არა ის თავის ტაქტიკას მოსახლეობასთან;
დაყოფს თუ არა ის მოსახლეობას თავისიანებად და მტრებად, რასაც აქამდე აკეთებდა და ბევრ სარეველას სრულიად უდანაშაულო ხალხიც შეეწირა;
ჩვენმა მოდელირებულმა გონიერმა ამომრჩეველმა იცის, რომ ასეთი რადიკალური რეფორმების დროს არავინაა დაზღვეული ამისგან, მაგრამ ეს რომ განუკითხაობაში არ გადაიზარდოს, რამდენადაც შესაძლებელია, ასეთ უსამართლობებზე დროული და ადექვატური რეაგირებებია საჭირო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული თანამდებობის პირი ამაში დამნაშავე არაა, რაკი თეთრი ხელთათმანი დაისვარა, ის უნდა გამოიცვალოს. ამას ნიშნავს თავის გადადება, ხოლო ამ პერიოდში ქვეყანას სწორედ ასეთი თავგადადებული ხელისუფლება სჭირდება, რომლის მიზანიც უნდა იყოს რეფორმების ბოლომდე მიყვანა. მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. .
ხელისუფლებისთვის ყველა მოქალაქე ერთი უნდა იყოს და არ უნდა ხდებოდეს მისი დაყოფა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. დამნაშავეც ყველა უნდა დაისაჯოს, ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე.
და რაც მთავარია, ასეთი ამომრჩეველი “ნაციონალური მოძრაობისგან” ელოდება ახალ სახეებს, ახალ კადრებს, რისი პრობლემაც ნაციონალებს არც ადრე ჰქონიათ და არც დღეს აქვთ.
აშკარაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე ყველაზე მეტი და რეალური შანსი, დააკმაყოფილოს ჩვენი მოდელირებული გონიერი ამომრჩევლის პრეტენზიები და მოთხოვნები, სწორედ ნაციონალებს აქვთ. ჯერ ერთი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ორბიტის ღერძი – მიხეილ სააკაშვილი, მათი ლიდერია; და მეორეც: ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ იგივე “გირჩებმა”, მიუხედავად ასეთი სიმპათიური შემადგენლობისა, მოახერხონ ზემოთ აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ან ალასანიამ ბოლომდე თქვას სიმართლე; იგივეს ვიტყოდი რესპებზეც ( თუ ვცდები, ნამდვილად არ მეწყინება არც მე და არც მოდელირებულ ამომრჩეველს).
გარდა ამისა, მე მინდა შევახსენო ნაციონალური მოძრაობის უკვე ჩამოყალიბებულ მხარდამჭერებს და წევრებს, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ მათ მიმართ პრეტენზიების თუ შეკითხვების სახით ითქვა, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა თავის ბოლო გამოსვლებში, ამდენად არ ჩათვალოთ, რომ ჩვენს მოდელირებულ ამომრჩეველს ზედმეტი პრეტენზიები აქვს. პოლიტიკურ ბრძოლაში რომ გაიმარჯვო, სიმართლესთან ერთად რაოდენობაც გჭირდება და ამ რაოდენობის გარეშე ვერც გაიმარჯვებ და ვერც საქმეს გააკეთებ.
მოკლედ, მოდელირებული გონიერი ამომრჩევლის თხოვნაა:
მიეცით მას არჩევანის გაკეთების საშუალება და ნუ დატოვებთ სახლში არჩევნების დღეს!
P.S მათ, ვისაც არ ვუყვარვარ ან არ მენდობა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არც ერთს და არც მეორეს მე თქვენგან არ ვითხოვ, არც ფული მინდა თქვენი და არც ხმა. ნუ დაიტვირთავთ თავს ჩემი ბიოგრაფიის ანალიზით, ჩემ თავზე ჩემზე მეტი თქვენ ნამდვილად არ იცით. შეეცადეთ რაც აქ წერია, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე წაიკითხოთ და მაშინ ნამდვილად მიხვდებით, რომ რაც აქ წერია, შემოკლებულად, მაგრამ სრული სიმართლეა!-აცხადებს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატია“მეგობარი ქვეყანაა ის, რომელიც წართმეულ ტერიტორიას მოგიტანს და დაგიბრუნებს”