ირინა სარიშვილი: მივმართავ მათ ვისაც ხელი არ ჩაუქნევია ამ ქვეყანაზე

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

sarishviliმივმართავ მათ ვისაც ხელი არ ჩაუქნევია ამ ქვეყანაზე და ვისაც ამ ჭაობიდან ამოსვლის სურვილი აქვს:
ძალაუფლების უზურპაციის გზით ხელისუფლებაში დარჩენილი “ოცნება” თავისი კუდით, ანუ რუსეთი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლისა და მიხეილ სააკაშვილის მარგინალიზაციის პროცესის გადამწყვეტ სტადიაში შევიდა.
ებრძვიან ყველას და ყველაფერს, ვინც და რაც ამ პროცესს ხელს უშლის, ებრძვიან ყველანაირი მეთოდებით და, რაც ყველაზე მთავარია, ამის გაკეთებას ჩვენივე ხელით ცდილობენ.
მეც და ბევრ სხვასაც ამ ტიპის პროცესი 25 წლის წინ უკვე ნანახი გვაქვს და მაშინდელი შეცდომების გათვალისწინებით ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება და რითიც შეიძლება ეს რომ დასრულდეს.
ზვიად გამსახურდიას მარგინალიზაციის პროცესი ბევრად სწრაფი და უხეში მეთოდებით მიმდინარეობდა, რის გამოც ამ ხელისუფლებამ მხოლოდ 10 თვე გაძლო. გარდა გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა შეცდომებისა და დანაშაულებებისა (ყველა მოწინააღმდეგე ნამდვილად არ იყო სპეცსამსახურების აგენტი), ამ პროცესის დაჩქარებას ხელი შეუწყო თვითონ გამსახურდიას გარემოცვაში არაპროფესიონალების სიმრავლემ, არასანდო ახლო გარემოცვამ და აქედან გამომდინარე დაშვებულმა შეცდომებმაც,”მრგვალი მაგიდის” შიგნით მომხდარმა განხეთქილებამ (შეიარაღებული აჯანყება სწორედ მრგვალი მაგიდის” განდგომილმა ნაწილმა და არა სხვა ოპოზიციამ დაიწყო), მათ შორის გამსახურდიას გროზნოში (რუსეთში) და არა დასავლეთში გადასვლამ, ხოლო შემდეგ გროზნოდან აფხაზეთში შემოსვლამ რაც კატასტროფა იყო მისთვისაც და ქვეყნისთვისაც არსებული რეალობის გათვალისწინებით. დიდი ვარაუდით ასეთ რჩევებს გამსახურდია უახლოესი ადამიანებისგან და არა მტრებისგან თუ მოწინააღმდეგეებისგან იღებდა, სადაც არაპროფესიონალების გარდა აშკარად აგენტურა მოქმედებდა.
გამსახურდიას საბოლოოდ გამარგინალებას მოჰყვა ეროვნული იდეის კარგა ხნით მივიწყება და საქართველოს საბჭოურ სისტემაში ცხოვრების გაგრძელება მთელი თავისი მანკიერი მხარეებით, რისი სურვილიც ჩვენ, თუნდაც მის მოწინააღმდეგეებს, არ გვქონია, მაგრამ გამოუცდელობით, იმ პერიოდში წესად ქცეული შეურიგებლობის და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, რაზეც არა ერთხელ დავწერე უკვე, აღმოვჩნდით ბრმა იარაღი რუსეთის ხელში, ზოგი სიტყვით, ზოგი მოქმედებით.
გაცილებით უფრო რთული მექანიზმია ამუშავებული დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლის და მიხეილ სააკაშვილის მარგინალიზაციის მიზნით, რადგან მიუხედავად დიდი მცდელობებისა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 წელი ავად თუ კარგად გაძლო, ხოლო ხელისუფლების მშვიდობიანად დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა როგორც დასავლეთის პოლიტიკის დასაყრდენი და ამდენად მისი მარგინალიზაცია საერთაშორისო სამყაროს თვალში რუსეთისათვის შეუძლებელი გახდა. მიხეილ სააკაშვილის სწორი არჩევანი და მისი შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის დღეისათვის შეცვლილი რიტორიკა არსებული შეცდომების გათვალისწინებით გვაფიქრებინებს, რომ მის გარემოცვაში, გასაკუთრებით კი უახლოესში, ძირითადად სანდო და პროფესიონალი ადამიანები არიან, რომლებიც იმედია არც მომავალში უბიძგებენ მას არასწორი მოქმედებებისკენ.
ყოველივე ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი გააფთრებით ამოქმედდა რუსეთის მანქანა, რომელიც მუშაობს უკვე ბევრი წელია.
ეხლაც, როგორც მაშინ, 25 წლის წინ, ამ პერიოდში არსებობდნენ და არსებობენ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები სხვადასხვა მოტივაციით.
მე რა თქმა უნდა მივმართავ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან ერთად მათაც, რომლებიც შესაძლოა არ იზიარებენ “ნაციონალური მოძრაობის” ან მიხეილ სააკაშვილის შეხედულებებს (მრავალპარტიული სისტემა სხვა არაფერია), მაგრამ რომლებსაც უნდათ ამ ჭაობიდან ამოსვლა და რომლებმაც არ უნდა გაიმეორონ ის საბედისწერო შეცდომები, რაც მე და კიდევ ბევრმა დავუშვით 25 წლის წინ.
და ამ გრძელი შესავლის შემდეგ:
მივმართავ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და მხარდამჭერებს: შევწყვიტოთ ერთმანეთზე თავდასხმები იმ ნიშნით, ვინ არის პარლამენტში შესვლის მომხრე და ვინ არა; ვინ ხედავს მეორე ტურში აზრს და ვინ არა; ვის ჰგონია მიხეილ სააკაშვილი ყველაზე ჭკვიანი და ვის არა.
მე დღესაც ვთვლი რომ პარლამენტში არშესვლა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არა იმიტომ რომ არეულობა და რევოლუცია მინდა, არამედ იმიტომ რომ წინ ერთი წელია მომავალ ადგილობრივ არჩევნებამდე და ჩემი აზრით ასე უკეთესად მოვემზადებოდით. ამის გამო ნუ ჩაგვთვლით არეულობის მომხრეებად, ნუ დაგვიწყებთ ბრძოლას და რაღაცეების ქექვას და ნუ “გაუპრავებთ” “ოცნებას ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებს.
იგივე ეხება მათ მიმართ დამოკიდებულებას, ვინც თვლის რომ უნდა შევიდეს პარლამენტში: ნუ ვეძახით მათ ჩვენ მოღალატეებს და თუ რომელიმეს ლექსიკონი ზღვარს გადადის, მას აურზაურის გარეშე გავცეთ ყველამ პასუხი.
მეორე ტურს რაც შეეხება, მე მიუხედავად იმისა რომ შედეგების ბოიკოტის მომხრე ვარ და ვერ ვხედავ აზრს მეორე ტურში, რაკი გადაწყდა მონაწილეობა, რა თქმა უნდა გავალ და მივიღებ მონაწილეობას და ამისაკენ მოვუწოდებ სხვებსაც. მგონია არაა ახსნა საჭირო რატომ.
ვინც რას არ უნდა ვფიქრობდეთ, ლაპარაკია მათზე, ვინც ამა თუ იმ მოტივით მხარი დავუჭირეთ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ისიც ფაქტია რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი ერთია დღეს და “ნაციონალური მოძრაობის” დაშლით ხდება მიხეილ სააკაშვილის მარგინალიზაცია და პირიქით: მიხეილ სააკაშვილის მარგინალიზაცია დაშლის “ნაციონალურ მოძრაობას” – მგონი ეს ყველას უნდა გვესმოდეს და პირველ რიგში ეს კარგად ესმის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არცერთი თავისი განცხადებით ამ კამათში არ მონაწილეობს და ყველას მოუწოდებს ერთიანობისკენ.
500 ათასი ოფიციალური ხმა და ამას დამატებული 200 ათასამდე გაუქმებული ბიულეტენი იმ არნახული წნეხის პირობებში რაც ამ მოძრაობამ განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიარა, ნამდვილად იმედის მომცემი მაჩვენებელია და სწორედ ამის ეშინია ხელისუფლებას და ამიტომ გვებრძვის ყველას სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველას, ვინც მათ ჩანაფიქრს ხელს ვუშლით.
და ბოლოს მივმართავ მათ, ვინც არც ყოფილა, არც დღეს არის და არც აპირებს მომავალში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას, მაგრამ არც რუსეთის ინტერესების სამსახურში უნდა ყოფნა და არც ამ ჭაობში – გაითვალისწინეთ ჩემი და სხვათა მრავალწლიანი გამოცდილება და ყოველგვარი აგრესიის, სიძულვილის და ისტერიული გამოსვლების გარეშე დაუჭირეთ მხარი ვისაც გინდათ, ოღონდ თქვენი რიტორიკით და მოქმედებით ნუ შეუწყობთ იმ გეგმას ხელს, რამაც ბევრი წლის წინ უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს!

ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიWikileaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს ინტერნეტი გაუთიშეს
შემდეგი სტატიაკახა შარტავა: ჩვენ ამომრჩევლის აზრზე და მათ ხმებზე, გავლენას არ მოვახდენთ