IRI: მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა

IRI საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნას აქვეყნებს და მეორე ტურის წინ ცესკოს, პოლიტიკურ პარტიებს, თანამდებობის პირებს და სამართალდამცავებს რეკომენდაციებით მიმართავს. დასკვნაში აქცენტი გაკეთებულია პირველი ტურის დროს მომხდარ დარღვევებსა და გადაცდომებზე და ნათქვამია, რომ “მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა”.
ეს არის “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მესამე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 9-21 ოქტომბერს მოიცავს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, IRI-ის დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებთან მყოფი მოქალაქეების ჯგუფები შენიშნეს, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. დამკვირვებლების აზრით, მათი უბნებზე ყოფნა ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭიდილებას ტოვებდა და რამოდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებით აზრს აცვლევინებდა. ამასთან, საუბარია მარნეულის ინციდენტზეც და აღნიშნულია, რომ “მარნეულში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები პოლიციამ ძალის გადამეტებით დააკავა”.
”როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები მიმართავდნენ უბანთან არსებულ მოქალაქეების ჯგუფს, თუ რა იყო მათი იქ ყოფნის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ, რომ არჩევნები საზოგადო ღონისძებაა და მეზობლები უბრალოდ შეიკრიბნენ. მათი პასუხების სიზუსტის გადამოწმება ვერ ხდებოდა, თუმცა წარმოდგენა იქმნებოდა, რომ მსგავსი ჯგუფები უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ კავშირში. ეს დაკვირვება განმტკიცებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური წარმომადგენლის მხრიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომ მსგავსი ქმედება სახელისუფლო ძალის მიერ იქნა გამოყენებული ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით”, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგას თურქეთის ეროვნულ დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოზე მიმოსვლა თავისუფალია