ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, არ ჩაერთოს თეირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულებაში.
თეირანის განმარტებით, აღნიშნულ შეზღუდვებში მონაწილეობა ნიშნავს სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე ერთი ქვეყნის „უკანონო ნების“ თავსმოხვევაში თანამონაწილეობას. ირანის დიპლომატიურმა უწყებამ ვაშინგტონის ახალი ეკონომიკური ზომები უკანონოდ და „სახელმწიფო ტერორიზმად“ შეაფასა.
„ეს სანქციები საფრთხეს უქმნის მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობასა და საარსებო პირობებს“, — აცხადებენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თეირანი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ამასთან, ირანის საგარეო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანა გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას, რათა თავი დაიცვას აშშ-ისრაელის სამხედრო და ეკონომიკური თავდასხმებისგან.
















