ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: მოლაპარაკებების მიზანი ცალსახაა – ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნება, განავითაროს თანამშრომლობა

ირანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სჰაყ ჯაჰანგირი ქვეყანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს მიესალმება და მას მნიშვნელოვნად აფასებს.

ამის შესახებ ჯაჰანგირმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში გამართული მოლაპარაკებების დროს განაცხადა.

„მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ირანი და საქართველო მდებარეობენ ერთი ცივილიზაციის არეალში, გააჩნიათ ძალიან ბევრი საერთო ისტორიული და კულტურული ფაქტორი, ძირძველი კავშირები და სწორედ ეს განაპირობებს ორ ქვეყანას შორის კარგ თანამშრომლობას.

წინა შეხვედრებზე მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები და დღეს მოვისმინეთ ინფორმაცია მათი შესრულების პროცესის შესახებ. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტი. ამ დერეფნის საწყისი ქვეყნებია ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო შავი ზღვისპირეთი, ან – ირანი-სომხეთი-საქართველო შავი ზღვისპირეთი“, – განაცხადა ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ოთხმხრივი შეთანხმება ირან-საქართველო-სომხეთ-რუსეთს შორის ელექტროსისტემების სინქრონიზაციის შესახებ, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში, ელექტროენერგიის გაცვლა მოხდეს.

„მხარეებმა ხაზი გავუსვით საბანკო ურთიერთობების აუცილებლობას, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარდეს სავაჭრო თანამშრომლობა. იმედი გვაქვს, ამ მხრივ შედეგს მალე მივაღწევთ. ასევე, განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხელი მოეწერა ოთხ მნიშვნელოვან დოკუმენტს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცალსახაა – ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნება, განავითაროს თანამშრომლობა. გვჯერა, მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, – აღნიშნა სჰაყ ჯაჰანგირმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ირანის ისლამურ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ხარის რქაზე შემომჯდარი მეოცნებე დეპუტატები
შემდეგი სტატიათბილისში, ბავშვი ძლიერი ქარის გამო დაშავდა