აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის (NCTC) დირექტორმა, ჯო კენტმა სამშაბათს თანამდებობა დატოვა. მან განაცხადა, რომ „სუფთა სინდისით ვერ დაუჭერს მხარს“ ირანში მიმდინარე ომს.
თავის გადადგომის წერილში კენტმა აღნიშნა, რომ ირანი არ წარმოადგენდა „უშუალო საფრთხეს“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ადმინისტრაცია ისრაელის ლობისტებისა და მედიის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ შეცდომაში შეიყვანა. კენტის თქმით, ეს არის იგივე ტაქტიკა, რაც მათ აშშ-ის ერაყის „კატასტროფულ ომში“ ჩასათრევად გამოიყენეს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კენტის გადადგომას მყისიერად უპასუხა და მას „უსაფრთხოების საკითხებში სუსტი“ უწოდა. „ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც ჩვენთან მუშაობს და იმას ვერ ხვდება, რომ ირანი საფრთხეა” – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ასევე უარყო კენტის ბრალდებები და აღნიშნა, რომ მხოლოდ მთავარსარდალი განსაზღვრავს, რა წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის. ამასთან, პრესმდივანმა უცხო ქვეყნების გავლენის შესახებ მინიშნებებს სასაცილო უწოდა.
კონგრესში კენტის განცხადებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კენტი ცდება, რადგან დაზვერვის მონაცემებით, ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან. ზოგიერთმა კანონმდებელმა კენტი ანტისემიტიზმშიც კი დაადანაშაულა. ამავდროულად, დემოკრატები ადმინისტრაციისგან ითხოვენ იმ სადაზვერვო მონაცემების გასაჯაროებას, რაც ირანზე თავდასხმის საფუძველი გახდა.

















