ირანის მოქალაქეებზე ძალადობისა და მათი დაჭრისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქეებზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს. 1983 წელს დაბადებულ შ.ლ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება ბრალად, ხოლო 1984 წელს დაბადებულ ვ. შ-ს – ძალადობა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა – ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს” – აცხადებს შსს.

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშაქარაშვილის საქმეზე სამმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაგურჯაანში 24 წლის კაცი დაჭრეს