ირანმა ჰორმუზის სრუტეზე ერაყული გემების გატარების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიო ენერგომომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან წყალგამყოფზე.
კონტროლის შერბილების პირველი ნიშანია. Khatam al-Anbiya-ს ცენტრალური შტაბ-ბინის განცხადებით, მკაცრი კონტროლი მომავალში მხოლოდ „მტრული ქვეყნების“ ტრანსპორტზე გავრცელდება. ოფიციალური თეირანი ამ გადაწყვეტილებას ერაყის სუვერენიტეტის პატივისცემითა და ამ ქვეყნის ამერიკულ “ოკუპაციასთან” ბრძოლის აღიარებით ხსნის. შეგახსენებთ, სრუტის ბლოკადა, რომელზეც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით 20% მოდის, 28 თებერვალს, აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაწესდა.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმე ერაყისთვისაა, რადგან მისი ნავთობის მოპოვება დღიურად 4.3 მილიონი ბარელიდან 1.2 მილიონამდე შემცირდა. ეს განსაკუთრებით მძიმე იმ ფონზეა, რომ ერაყის საბიუჯეტო შემოსავლების უდიდესი ნაწილი სწორედ ექსპორტზე გასულ ნავთობზე მოდის. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თეირანის მიერ დაწესებული შეღავათები, სავარაუდოდ, ბაღდადისთვის ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილების საშუალება იქნება, თუმცა ისინი სრული სტაბილიზაციის პერსპექტივას კვლავ ვერ ხედავენ.
ცნობისთვის, ამჟამად სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მცირედითაა გააქტიურებული, თუმცა მაჩვენებლები ომამდელ პერიოდთან შედარებით კვლავ 90%-ით ნაკლებია. Lloyd’s List Intelligence-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ჰორმუზი 53-მა გემმა გადაკვეთა, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.















