29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ირანის ელჩი: გაეროში “ქართულ ოცნებასა” და ირანს შორის ფარული შეთანხმება არსებობს

საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ გაეროში თბილისსა და თეირანს შორის კენჭისყრებზე „ნაცვალგების პრინციპი“ და გარკვეული შეთანხმება მოქმედებს. „ტვ პირველის“ კითხვას — რატომ არ დაუჭირა ირანმა მხარი გაეროში საქართველოს დევნილების შესახებ რეზოლუციას, ელჩმა ღიად უპასუხა, რომ ეს ქართულ მხარესთან ორმხრივი შეთანხმების ნაწილია.

მოჯანის განმარტებით, ირანის მიერ კენჭისყრის ბოიკოტირება პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების ქცევასთან სხვა რეზოლუციების დროს:

„არის ნაცვალგების პრინციპი — საქართველოს მხარე გარკვეულ რეზოლუციაზე არ იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ანალოგიურად ჩვენც ამ რეზოლუციის დროს არ ვიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. ჩვენ საერთოდ კენჭისყრაში არ მიგვიღია მონაწილეობა და ეს გარკვეულწილად განსხვავებულია მხარის არდაჭერისგან“, — განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.

სეიედ ალი მოჯანიმ განცხადებაში ისრაელის ელჩიც ახსენა და იგი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

„ჩვენსა და ისრაელს შორის არის გარკვეული სხვაობა. ჩვენთვის მეგობრობას სხვანაირი მნიშვნელობა აქვს. ისრაელის ელჩი იმასაც აძლევს თავს უფლებას, რომ საქართველოს მხარეს მიმართოს პროტესტით, თუ რატომ გაანათეთ ანძა ირანის დროშის ფერებში და გარკვეულწილად მუქარის ენით ესაუბროს საქართველოს მთავრობას. არასდროს ვიკადრებ, ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მსგავსად, ჩავერიო საქართველოს შიდა საკითხებში“, — აღნიშნა მოჯანიმ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: არ გამოვრიცხავ, ციხეში აღმოვჩნდე, მაგრამ აშშ-ის საელჩოში გაქცევას არ ვაპირებ
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი კობახიძის ბრიფინგზე: რამ განაპირობა ივანიშვილის ქება იმაზე, რაც ისედაც ანა-ბანაა, ვერ მივხვდი