ირანის 4 მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს -რა ხდება სარფის გამშვებ პუნქტზე

სარფის გამშვებ პუნქტზე მიმოსვლა მკაცრი კონტროლის ქვეშაა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, განსაკუთრებული კონტროლი თურქეთის მხარესაა:
-ერთ ადამიანსაც არ უშვებენ შემოწმების გარეშე. საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უკან მოაბრუნეს, -გვითხრეს მოქალაქეებმა, რომლებსაც საზღვრის კვეთა, სამსახურის გამო, ყოველდღიურად უწევთ.
მათი თქმით, საქართველოს მხარეს შედარებით სუსტი კონტროლია და განსაკუთრებით უყურადღებოდ საქართველოს მოქალაქეებს ექცევიან:
-საქართველოს მოქალაქეებს არც კი ამოწმებენ. გაურკვეველია რატომ არ აინტერესებთ ჩვენი ბედი. ყოველდღიურად გადავდივართ და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან გვაქვს ურთიერთობა, თუმცა, ამას ყურადღებას არავინ აქცევს, -აღნიშნავენ საქართველოს მოქალაქეები.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მხარეს მყოფი მედპერსონალი ძირითადად ირანის მოქალაქეებს ამოწმებს და მათაც შერჩევის პრინციპით.
რის მიხედვით არჩევენ შესამოწმებელ მოქალაქეებს არ იცის ბათუმის პირველი პოლიკლინიკის დირექტორმა, რომლის თანამშრომლებიც სარფში მორიგეობენ. მას ასევე არ აქვს ინფორმაცია, შეამოწმეს თუ არა ქართველმა ექიმებმა ის ადამიანები, რომლებიც თურქეთის მხარემ მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში არ შეუშვა.
სარფის გამშვებ პუქნტზე შეზღუდვები მოქმედებს მედიისთვისაც. ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება გადაიღონ შემოწმების კადრები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შეზღუდვას მედიის უსაფრთხოებით ხსნის.

banner
წინა სტატიაშისოფელ დარჩელის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე 2 პირი დააკავა