ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებს მემორანდუმის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და ვაშინგტონს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. თეირანში აცხადებენ, რომ ირანი ყველაფერს გააკეთებს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
ირანულმა მხარემ ცრუ უწოდა აშშ-ის ბრალდებას, თითქოს მათ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე იერიში მიიტანეს. ამასთან, სამინისტრომ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, სადაც ის ირანის ლიდერებს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებს. ირანის საგარეო უწყების მტკიცებით, აშშ-მა სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, როდესაც რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ორი სარკინიგზო ხიდი დაბომბა.
საპასუხოდ, ვაშინგტონში განაცხადეს, რომ შეთანხმების პირობები თავად ირანმა დაარღვია, როდესაც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს დაარტყა. განხორციელებულ საჰაერო იერიშებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დღევანდელი იერიში არის პასუხი ირანის მიერ გემებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუ ეს კიდევ განმეორდება, ყველაფერი ბევრად გაუარესდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.


















