შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას თეირანი ეხმაურება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ ესმაილ ბაღაის განცხადებით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ „უკანონო ეკონომიკური ომის“ გაგრძელება.
დიპლომატი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება აიძულოს უცხოური ბანკები, საწარმოები ან აეროპორტები, უარი თქვან მესამე ქვეყანასთან ლეგიტიმურ ვაჭრობაზე.
„ასეთი მეორადი სანქციები არ ეფუძნება საერთაშორისო სამართალს. ისინი არღვევენ გაეროს წესდების 2(1) მუხლში ასახული სუვერენული თანასწორობის პრინციპს და ჩარევის აკრძალვას. ეკონომიკური იძულება, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს იძულებას შეცვალოს თავისი კანონიერი პოლიტიკური არჩევანი, წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე უკანონო ქმედებას“, — აცხადებს ბაღაი.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის შეფასებით, მსგავსი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს და სახელმწიფოების სუვერენიტეტს.
„საზღვაო ბლოკადასთან ერთად, რომელიც სამხედრო აგრესიას უტოლდება, ეს მოთხოვნები ყველა სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტს გაუქმებად დონემდე დაჰყავს. საბოლოო შედეგი იქნება სუვერენიტეტის სრული ეროზია და სრულმასშტაბიანი კლასიკური კოლონიალიზმისკენ უიმედო დაბრუნების რეცეპტი“, — აღნიშნავს პრესსპიკერი.
















