7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ირანი აცხადებს, რომ იაპონურ გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მიეცემა

“ჩვენ სრუტე არ ჩაგვიკეტავს. ჩვენი აზრით, სრუტე ღიაა. ის დაკეტილია მხოლოდ ჩვენი მტრების – იმ ქვეყნების გემებისთვის, რომლებიც თავს გვესხმიან. სხვა ქვეყნების გემებს სრუტეში გავლა შეუძლიათ”, – განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ იაპონურ სააგენტო Kyodo News-ს.

ირანი აცხადებს, რომ იაპონურ გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მიეცემა, რაც ნიშანია იმისა, რომ თეირანმა სტრატეგიული საწყლოსნო გზის მიმართ შერჩევითი ბლოკადის პოლიტიკა დაიწყო.

მისი თქმით, თეირანმა ტოკიოსთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ტოშიმიცუ მოტეგისთან, სრუტის შესაძლო გახსნაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

არაღჩიმ Kyodo-სთან საუბარში აღნიშნა: “თუ იაპონია სრუტის გახსნას მოითხოვს, ირანი, რა თქმა უნდა, მზადაა, ჰორმუზის სრუტეში იაპონიასთან დაკავშირებული გემების გავლას ხელი შეუწყოს”.

იაპონია ნედლი ნავთობის იმპორტის 90%-ზე მეტს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს და ძლიერადაა დამოკიდებული ექსპორტზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს გადის. თუმცა, საწყლოსნო გზა ფაქტობრივად ჩაკეტილია მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა განახორციელეს.

ომის პირველ დღეებში ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” (IRGC) გააფრთხილა ყველა, რომ ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტეში გავლას შეეცდებოდა, “ცეცხლს გაუხსნიდა”. ამან საზღვაო მიმოსვლა თითქმის სრულად შეაჩერა.

თუმცა, გასული კვირის განმავლობაში ირანმა რიტორიკა შეარბილა და განაცხადა, რომ სრუტე მხოლოდ თეირანის მტრებისთვის არის დაკეტილი.

შესაძლოა, იაპონია მალე შეუერთდეს იმ ქვეყნების მცირე ჯგუფს (ძირითადად ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს), რომელთა გემებსაც ბოლო დღეებში, ირანის ხელისუფლების თანხმობით, სრუტეში გავლის უფლება მიეცათ.

გემების მიმოსვლისა და საზღვაო ინფორმაციის სერვისმა, Lloyd’s List-მა ცალკე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრუტე ირანის სანაპიროსთან ახლოს 10-მა გემმა გაიარა.

მართალია, გემების ტრანზიტი თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება, მაგრამ Lloyd’s List-ის ცნობით, IRGC უფრო კოორდინირებულ შემოწმებისა და რეგისტრაციის სისტემას ამუშავებს.

ირანის ომის მესამე კვირას, რამდენიმე ქვეყანამ – მათ შორის აშშ-ის მოკავშირეებმა – უკვე დაიწყო თეირანთან ლობირება სრუტის გახსნის ან საკუთარი გემებისთვის უსაფრთხო გავლის ნებართვის მისაღებად.

მიმდინარე კვირის დასაწყისში იაპონიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც “ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად შესაბამის ძალისხმევაში წვლილის შეტანის მზადყოფნა” გამოხატეს.

Lloyd’s-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე თეირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს ერაყმა, მალაიზიამ, ჩინეთმა, ინდოეთმა და პაკისტანმაც.

არაღჩის განცხადება Kyodo-სთვის სამშაბათს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტოშიმიცუ მოტეგისთან სატელეფონო საუბარს მოჰყვა. იაპონური მხარის ინფორმაციით, ტოკიომ სპარსეთის ყურეში ჩარჩენილი იაპონური გემების დიდი რაოდენობის გამო შეშფოთება გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ინგლისის ეკლესიის მღვდელმთავარი დაესწრება
შემდეგი სტატიაგაერთიანებულმა სამეფომ აშშ-ს უფლება მისცა, ირანში დარტყმებისთვის აბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს