ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეტყობინებების გაცვლა პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით „გრძელდება“ მას შემდეგ, რაც კვირას გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
ბაღაის თქმით, ირანის პოზიცია „მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული და განმეორებული შემდგომი კონტაქტების დროს“.
მან ასევე დასძინა, რომ ირანი „დიდი ალბათობით“ დღეს უმასპინძლებს პაკისტანის დელეგაციას, რაც ისლამაბადში ადრე გამართული მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება და მოიცავს „დეტალურ განხილვებს ირანისა და აშშ-ის პოზიციების შესახებ“.
ბაღაიმ უარყო ამერიკული ბრალდებები ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „მშვიდობიანია“.
გარდა ამისა, გამოსვლისას ბაღაიმ განაცხადა, რომ ირანს „უნდა ჰქონდეს [ურანის] გამდიდრების გაგრძელების შესაძლებლობა საკუთარი საჭიროებების შესაბამისად“, თუმცა „არსებობს დიალოგის შესაძლებლობა გამდიდრების ტიპსა და დონესთან დაკავშირებით“.
ირანის მრავალწლიანი და სადავო ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ირანსა და აშშ-ს შორის 26 თებერვალს, ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.
















