ირაკლი ზარქუამ სალომე ზურაბიშვილს მიმართა – სააკაშვილის შეწყალებით თქვენ იქნებით ყველა იმ უმსგავსო ქმედების მონაწილე, რასაც მისი რეჟიმი სჩადიოდა, ფრთხილად იყავით, ხელი არ გადაგიცდეთ

მრჩება შთაბეჭდილება, ალიბს იკეთებს ქალბატონი სალომე, რომ ჰქონდეს საფუძველი, შეიწყალოს სააკაშვილი და შემდეგ თქვას, მე რა, ევროპელებმა მთხოვესო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ გუშინდელ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა: „ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

ზარქუას თქმით, სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს და სალომე ზურაბიშვილს ამაზე იქვე უნდა გაეცა პასუხი.

„ეს არის კიდევ ერთი სურათი, სადაც ჩანს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით დადის ასეთ კონფერენციებში, რადგან შეიქმნას საფუძველი, აქ ჩამოვიდეს და თქვას, მე რა, ევროპელი პარტნიორები გვთხოვენ. ჯერ ერთი, იქვე უნდა მიუგო, ეს შიდა საქმეებში ჩარევაა. სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, ოფიციალური პირი რატომ უნდა ჩაერიოს ჩვენს შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ვის დააკავებენ, ვის – არა. ხომ უნდა გაეცა პასუხი. არა, ხმა არ ამოუღია. თან რა დანაშაულებში არის ეჭვმიტანილი და დამტკიცებული. ჯერ კიდევ ხომ მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ რაც დაუმტკიცდა, ყველა მძიმეა. ხმა არ ამოუღია, პასუხი არ გაუცია. მრჩება შთაბეჭდილება, ალიბს იკეთებს ქალბატონი სალომე, რომ ჰქონდეს საფუძველი, შეიწყალოს ბატონი სააკაშვილი და შემდეგ თქვას, მე კი არა, ევროპელებმა მთხოვესო. მიუღებელია კატეგორიულად. თუ ამ ნაბიჯს გადადგამ, ქალბატონო სალომე, თქვენ იქნებით მონაწილე იმ რეჟიმის მხრიდან უამრავი ახალგაზრდის ჩახოცვის, თქვენ იქნებით თანამონაწილე ბიზნესის რეკეტის, რაც მაგ რეჟიმის დროს იყო, თქვენ იქნებით მონაწილე ყველა იმ უმსგავსო ქმედების, რასაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი სჩადიოდა. ასე რომ, ფრთხილად იყავით, ემანდ, ხელი არ გადაგიცდეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიარაკორექტული იყო დავალება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს მიხელ სააკაშვილი-წილოსანი სიკორსკიზე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – ემიგრაციის თაობებია ქუთაისში, ამიტომ ვამბობთ, რომ ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს, ეს არის ჩვენი მიზანი