საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, პარლამენტის წევრ ილია ინჯიასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დამსწრეებს წარედგინათ ახალი, 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტირების ეტაპი. როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, ახალი სკოლა სრულად იქნება მორგებული თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს უსაფრთხო, კომფორტულ და თანამედროვე სასწავლო გარემოს შესთავაზებს.
მინისტრის ინფორმაციით, დასრულებულია სკოლის ესკიზური პროექტი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. ასევე დასრულებულია პროექტირების პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ჩაბარება, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა საგანმანათლებლო პროექტებზეც. საუბარი შეეხო სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის მშენებლობას, სოფელ საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დასრულებულ პროექტს, ასევე დაგეგმილ სპორტულ და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის პროექტირება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.















