
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ისტორიული ეკლესიები და მონასტრები მოილოცეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მეუფე გერასიმე მასპინძლობდა, რომელმაც სტუმრებს ეპარქიის სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობა გააცნო.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დელეგაციამ მოინახულა წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი, სადაც ადგილზე შეფასდა ძეგლის მდგომარეობა და განიხილეს მისი კონსერვაციისა და პოპულარიზაციის საკითხები.
დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სქურის ეკლესიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაეცნო კურორტის უნიკალურ ბუნებრივ, ტურისტულ და ბალნეოლოგიურ პოტენციალს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სქურის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტარებს არსებული გამოწვევები გააცნეს და აღნიშნეს, რომ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მომლოცველებისა და ტურისტებისთვის.

ვიზიტის დასასრულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სქურში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონს მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. ამასთან, ოფიციალურად გამოცხადდა სქურის მიმართულებით გზის სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და ხელს შეუწყობს კურორტის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებას.
„სქური არის ადგილი, რომელსაც უდიდესი ბუნებრივი, ისტორიული და სამკურნალო პოტენციალი აქვს. წლების განმავლობაში ეს კურორტი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ცენტრი იყო, თუმცა დღეს მას ახალი განვითარების ეტაპი სჭირდება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ სქურის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურაა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ოფიციალურად ვაანონსებთ სქურის გზის სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას.
ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მომლოცველებისა და ტურისტებისთვისაც. კეთილმოწყობილი გზა ხელს შეუწყობს კურორტის პოტენციალის სრულად ათვისებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონის განვითარებას.
დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით სქური დაიბრუნებს იმ მნიშვნელოვან ადგილს, რომელიც მას საქართველოს ტურისტულ და საკურორტო რუკაზე ეკუთვნის“, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

















