ირაკლი ზარქუა – პენსიონერებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკთან“ შეთანხმება შედგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პენსიონერებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკთან“ შეთანხმება შედგა. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში, „ლიბერთი ბანკთან“ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო შემოსავლებთან აკავშირებს, 2022 წლამდეა დადებული, თუმცა, იქამდე წლის ბოლოს, უკვე ახალი ტენდერი ახალი პირობებით გამოცხადდება. მისი თქმით, გარდამავალ პერიოდში კი „ლიბერთი ბანკი“ გარკვეულ დათმობებზე წავა, მაგალითად პენსიონერი შედარებით დაბალ პროცენტში მიიღებს სესხს, თუ მას თავდებში ჩაუდგება შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი.

„დღიდან შემოსვლისა, საპარლამენტო ჯგუფი საპენსიო თემაზე ვმუშაობთ, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობით. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დღესაც მორიგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც შევჯერდით, შევთანხმდით, ხელშეკრულება, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ აკავშირდებდა საპენსიო მომსახურებასთან 2022 წლამდე, ასე არ გაგრძელდება და დროზე ადრე, როგორც კი მიმდინარე წელს გამოცხადდება ახალი ტენდერი, განახლებული პირობებით, უკეთესი მომსახურებით, გვეყოლება ახალი გამარჯვებული, რომელიც დაბალი პროცენტით, უკეთესი მომსახურებით მოემსახურება ჩვენს პენსიონრებს. ამ შეჯერებულ ვარიანტამდე მივედით მათ შორის, „ლიბერთი ბანკთან“ ერთად და უნდა ითქვას, რომ გარდამავალ პერიოდში, რომელიც აკავშირებს „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო მომსახურების დარიგებასთან დაკავშირებით, შემოვიდა წინადადებით და ეს მისასალმებელია, შემდეგი პუნქტებით, რომელიც გულოსხმობს, რომ დღეს მოქმედი ხელშეკრულებით თუ პენსიონერი სესხს იღებდა და გარდაიცვლებოდა, შემდეგ ოჯახს თხოვდნენ იმ სესხის დაფარვას, ამაზე უარს აცხადებს „ლიბერთი ბანკი“ ამ გარდამავალ პერიოდში. ის სესხები, რომელიც იყო ერთწლიანი და საკმაოდ მაღალი გადახდა უწევდათ, თუ ბენეფიციარი მიმართავს „ლიბერთი ბანკს“, გაუხანგრძლივდებათ 2-3 წლამდე თავიანთი სურვილის შესაბამისად. მესამე მნიშვნელოვან დეტალზე წამოვიდა „ლიბერთი ბანკი“, რომ თუ თავდებში ეყოლება ოჯახის წევრი, რომელსაც შემოსავლები აქვს და ამას დაამტკიცებს, გაცილებით დაბალ პროცენტში აიღებს სესხს პენსიონერი. მთელი ეს დღეებია ვისმენთ, რომ თურმე „ლიბერთი ბანკის“ ბენეფიციარს არ აქვს საშუალება სხვაგან აიღოს და ეს არის მტკნარი სიცრუე, იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი მოსთხოვს და თხოვს „ლიბერთი ბანკს“, ის ვალდებულია ნებისმიერ ბანკში, ფილიალში ჩაირიცხოს მისი საპენსიო შემოსავალი. ეს არის ის შეჯერებული ვარიანტი, რაც გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაინიშნება ტენდერი განახლებული პირობებით, შედარებით დაბალი პროცენტით და ახალი პროდუქტებით,”- განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ის, რაც ნიკა მელიამ 20 ივნისის აქციაზე საჯაროდ თქვა, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს
შემდეგი სტატიასომხეთმა თურქულ იმპორტზე ემბარგო გააგრძელა