ირაკლი ზარქუა – ომბუდსმენი, რომელიც დღეს გვყავს, აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“ – პარლამენტს ასეთი ლაფსუსი რომ აღარ მოუვიდეს, კანდიდატთა მკაცრი შერჩევა იქნება

დღეს ვინც ჩვენ სახალხო დამცველად გყავს, ყველაფერია სახალხო დამცველის გარდა! – პარლამენტს ასეთი ლაფსუსი რომ აღარ მოუვიდეს, სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა მკაცრი შერჩევა იქნება, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, მმართველი გუნდის ინტერესშია, ომბუდსმენის არჩევის პროცესი არ ჩავარდეს და პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩიოს, რადგან “წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურთი და მოედანი ქალბატონ ლომჯარიას დარჩება და მის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს“.

„29 სექტემბრამდე ყველა კანდიდატს აქვს დარეგისტრირების საშუალება. მას შემდეგ, რაც ყველა კანდიდატი დარეგისტრირდება და განსახილველად თითოეულის დოსიე გადმოგვეცემა, პოზიციას ამის შემდეგ წარმოგიდგენთ.

პირადად ჩემი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მხარს სახალხო დამცველობის კანდიდატს დავუჭერ, არის ის, რომ უნდა იყოს კომპეტენტური, მიუკერძოებელი, ობიექტური, განათლებული და არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, აღმოჩნდა არა სახალხო დამცველი, არამედ კონკრეტული პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი სახალხო დამცველი იქნება ყველას უფლების დამცველი: – ოპოზიციისაც, ხელისუფლების წარმომადგენლისაც, ხელისუფლების მხარდამჭერისაც, ოპოზიციის მხარდამჭერისაც, იქნება ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის და განსხვავებული მრწამსისა და შეხედულების მქონე ადამიანის დამცველი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მობილიზაციის გამო, სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ გეგმავს
შემდეგი სტატიაგაერო – რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 5 996 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 382 ბავშვი დაიღუპა