ირაკლი ზარქუა: ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დანამატი

სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დანამატი. სამწუხაროა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ფაქტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის.

„ერთი პატიმარი მაინც გახსენდებათ, რომლის მიმართაც ნინო ლომჯარიას ანალოგიური მიდგომები ჰქონდა? პატიმრის გვარი დამისახელეთ, რატომ ვერ მეუბნებით, იცით? – მსგავსი რამ არ ყოფილა. ჩემთვის სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, თუ დავაშავებ, რიგითი პატიმარი ვიქნები და იმ უფლებით ვისარგებლებ, რაც სხვას აქვს. მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, არ მიხარია, რომ ამას ვამბობ. სასჯელს იხდის ნიკოლა სარკოზიც და არ დაუწყიათ, აბა, გამოუშვითო. მან დააშავა და სასჯელს იხდის. ალბათ, სტრასბურგის სასამართლოც არ არის სამართლიანი ხო? სააკაშვილს სამი ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და თუ განსხვავებული პოზიცია აქვთ, გაასაჩივრონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, სააკაშვილი მეტად დაცული იქნება გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისივე განცხადებით, კერძო სექტორში მისი გადაყვანის საფუძველი არ არსებობს და ამას არც პროტოკოლი ითვალისწინებს.

„ვფიქრობ, სააკაშვილი მეტად დაცული იქნება იქ, იქ სადაც ახლა არის. კერძო სექტორში მისი გადაყვანის საფუძველი არ არსებობს და ამას არც პროტოკოლი ითვალისწინებს. მას ამ ქვეყანაში იმდენი ადამიანი ჰყავს გაბოროტებული, რომ შეიძლება, სახელმწიფოს კერძო კლინიკაში მისი დაცვა გაუჭირდეს. არ გამხარებია, რომ მას აგინებდნენ, ეს არ იყო სწორი და არ გამხარებია, ვგმობ. ეს მიუღებელია, სახელმწიფო კანონებით იმართება, პატიმარს დანაშაულისთვის მიესაჯა და გინება კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მისი გადაყვანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება სახელმწიფოსთვის დიდი პრობლემა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გაეცნო