ირაკლი ზარქუა ბრიუსელის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები „ევროპული ღირებულებებიდან დაცლილია“. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის წევრები პარტნიორებისგან იმის გამო ისჯებიან, რომ მათ პოლიტიკას არ გაყვნენ.
„ბრიუსელი პრაგმატული პოლიტიკით არ გამოირჩევა. ჩვენ მათი არაპრაგმატული გადაწყვეტილებები ვნახეთ, მათ შორის შავი ზღვის ფორუმში სომხეთი იყო მიწვეული და საქართველო, არა. შავ ზღვას რა უნდა სომხეთში? – ბრიუსელის პოლიტიკა ესაა. დღეს, ჩვენ ბრიუსელისგან ვისჯებით, რადგან მათ პოლიტიკას არ გავყევით. სანქციები არ დავაწესეთ, რათა ეკონომიკა არ ჩამოგვეშალა. საქართველო ღვინის სამშობლოა და ექსპორტში ჩვენ გადაგვასწრეს, რუსეთთან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში კი, პირველ ადგილზე არიან. ეს არის მათი პოლიტიკა. მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა, რაზეც უარი ვუთხარით. ამ პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს საქართველოში მშვიდობაა და რეგიონში მეორე დღე გაუთენდებათ თუ არა, ამაზე მიდის მსჯელობა. ბრიუსელის პოლიტიკა შანტაჟსა და მუქარას ეფუძნება, რომ ხალხი დასაჯონ. ერთადერთი დარჩათ, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ. ჩვენ ხომ დაგვსაჯეს, როცა დიპლომატიური პასპორტები გაგვიუქმეს – არ არის პრობლემა, ვიზებს ვიღებთ. თუ რიგში დგომა დაგვჭირდება, ეს არ არის პრობლემა. ბრიუსელის პოლიტიკა ევროპული ღირებულებებიდან დაცლილია“, – განაცხადა ზარქუამ.
















