ირაკლი ტაბლიაშვილი: სამი დღეც და, ეს აქცია საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე ხანგრძლივი ანტისაოკუპაციო პროტესტი

სამი დღეც და, ეს აქცია საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე ხანგრძლივი ანტისაოკუპაციო პროტესტი და აი, რატომ:

1988 წლის ნოემბრის შიმშილობა იყო 7-8 დღიანი… 1989 წლის აპრილისა კი, ხუთდღიანი.

ამით ოდნავაც კი არ ვაკნინებ 30 წლის წინანდელ მოძრაობას, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ აჟრიამულებულმა სხვა ხალხმა, ანუ, დღევანდელმა ახალგაზრდობამ, შეიძლება დაწეროს ახალი ფურცელი ახალი ქვეყნისა.

×××
ამ აქციებმა წარმოაჩინა სრულიად სხვა, ჯერაც უცნობი თაობა, რომელიც, საზოგადოებრივ ასპარეზს რომ ვუწოდებთ, იმ სივრცეში, პასიური კი არა, გაჭაჭანებული არ იყო… და მას, თითქოს ხელოვნურად და თითქოს ძალის ძალადობით ბლოკავდა, გასაქანს არ აძლევდა შედარებით უფროსი და უფროსზე უფროსი თაობა.

არადა, თუ დავუკვირდებით, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულნი პატარებიც აღარ არიან… და ელიტებში, მცირედი გამონაკლისის გარდა, (პოლიტიკურში და ა.შ.) მათ პრაქტიკულად ვერ აღმოვაჩენთ. მაგალითად, გახსენდებათ 21-29 წლის დეპუტატი? მე – არა!

ამით იმის თქმა მინდა, რომ ძველი თაობის ნაწილმა დრო უნდა შეიგრძნოს და ახალთა ბლოკვა-ბლოკვას, ანუ, სასხლავით ხელში სიარულს, სჯობს, მას – ახალ თაობას, შეეგუოს… შეეპუოს! ყოველ შემთხვევაში, მათ შემოსვლას, ამ დიალექტიკას, გააფთრებული წინააღმდეგობა არ გაუწიოს.
რაც დროულად გააკეთებს ამას საბჭოთა ეპოქის ადამიანი, მით ლმობიერი იქნება მის მიმართ პოსტსაბჭოთა ინდივიდი.

×××
ძველის უკანდახევა სულაც არ ნიშნავს (არ უნდა ნიშნავდეს) მის გაქრობას, მოსპობას… პირიქით! თუ ძველები ახლების მოსვლას შეეგუებიან და ხელსაც შეუწყობენ, მათი საზოგადოებრივი სიცოცხლეც გახანგრძლივდება და
“მამათა და შვილთა” ბრძოლა, თანამედროვეობაში, იქნებ, აღარც იარსებობს, ყოველ შემთხვევაში, იმ გაგებით, რა გაგებითაც ამ ფენომენს ვიცნობთ მე-19 საუკუნიდან.

ეს არ იქნება “ლურსმნებზე ხელთათმანის დაკიდება” და რომც იყოს, ეს არამც და არამც არ ნიშნავს (არ უნდა ნიშნავდეს) ძველი თაობის სრულ თუ სულ წასვლას… მით უფრო მათ წასვლას, ვინც თანამედროვეობას ხმას და ფეხს უწყობს და ღირებულებათა იერარქიას თანამედროვედ ალაგებს, ანუ, ახალგაზრდობს.

მიღების და გზის სრულად ან ნაწილობრივ დათმობის შემთხვევაში ემახსოვრება შვილთა თაობას ის, რომ მამებმა დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს… და საჩხუბარი ზოგადად მამებთან კი არა, მათთან ექნებათ, ვინც მათ და ხსენებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ებრძვის.

×××
ჩვენ გვაქვს თანაცხოვრების და ერთმანეთთან არაბრძოლის უნიკალური შანსი.
ინდივიდებმა (მაგალითად – იულონ გაგოშიძემ, გოგი ხოშტარიამ, გელა ჩარკვიანმა…) ეს მოახერხეს… ზოგმა შუა ხნის მოქალაქემ (მაგალითად ვასაძემ, ფალავანდიშვილმა, კობახიძემ, ქუცნაშვილმა…) დროის ამ მოთხოვნაზე თქვა უარი…

თუ გვეყოლება ბევრი ჩარკვიანი, ხოშტარია და გაგოშიძე (ამასთან, ყველა თაობაში) ანუ, თუ ეს მოხერხდება, იქნება რევოლუცია!

რევოლუცია, ანუ, რევოლუციური გარღვევა!

 

ირაკლი ტაბლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ტოვებს?
შემდეგი სტატიაივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას – ოქრუაშვილი