ირაკლი შოთაძე: ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას

პარლამენტის მიერ არჩეულმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის წევრებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აპირებს პროკურატურაში რეფორმების გაგრძელებას და სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაძლიერებას.
“მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ვაპირებ პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებას, პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას და ასევე სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად გაძლიერებას”, – განაცხადა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის თქმით, მისთვის უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას გიორგი ბადაშვილი.

“მე გიორგი ბადაშვილისგან ვიცი, რომ ის არ აპირებს პროკურატურაში მუშაობის გაგრძელებას. ჩემთვის ეს სრულიად გასაგებია, ვინაიდან როდესაც პიროვნება უწყების პირველი პირი იყო, ის მუშაობას იქ ვერ გააგრძელებს. მისი გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა სად გააგრძელებს ბადაშვილი მუშაობას, ეს მისი არჩევანი იქნება”, – განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, ის აპირებს იმ მასალების გასაჯაროებასაც, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

“მე გაცხადებული მაქვს, რომ მომავალში ვაპირებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ვაპირებ მასალების გასაჯაროებას ასევე იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც საზოგადოებაში ინტერესი არსებობს”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშიკრაკოვის პროკურატურამ პოლანსკის ექსტრადირებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ტერორიზმის მსხვერპლებს პატივი მიაგეს