ირაკლი სესიაშვილი : ოპოზიცია ცდილობდა კრიტიკული ყოფილიყო, თუმცა მხარდაჭერაში გამოჩნდა ის აღქმა, რაც ნატო-ს წევრებს აქვთ საქართველოს პროგრესთან მიმართებაში

მოვისმინეთ შეფასებები, მიმდინარე რეფორმების პროგრესის სრული მხარდაჭერა და ცხადია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლაამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან შედგა.

მან ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე, რომელიც ბათუმში, 3-4 ოქტომბერს იმართება.

„თავად ფაქტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოს აქვს საშუალება, ადგილზე გაეცნოს, მიიღოს ინფორმაცია რეფორმების შესახებ და თავად გამოიტანოს დასკვნა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეხვედრების ფარგლებში ელჩებმა მიიღეს აბსოლუტური, ამომწურავი ინფორმაცია ყველა მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმ საარჩევნო პროცესის და რეფორმის, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას. ეს არის უპრეცედენტო იმ თვალსაზრისით, რომ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში დათმო თავისი პოზიციები და საშუალება მისცა საზოგადოებას, გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე. ამას ძალიან კარგად ხედავს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ხედავს ასევე სასამართლო რეფორმასთან მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან და გამჭვირვალე რეფორმას. ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, სრული მხარდაჭერა მიმდინარე რეფორმების პროგრესის და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

მანვე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა კითხვები დაისვა შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხრიდან.

„რა საერთო შთაბეჭდილებაც დამრჩა, არის ის, რომ ნატოს ელჩებს ძალიან ობიექტური და რეალური აღქმა და ინფორმაცია აქვთ იმ რეფორმებთან და პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველო განიცდის. ოპოზიცია თავის მხრივ, ცდილობდა, ყოფილიყო კრიტიკული, თუმცა კითხვებსა და მხარდაჭერაში გამოჩნდა რეალურად ის აღქმა, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ საქართველოს პროგრესთან მიმართებაში და ეს არის ძალიან პოზიტიური შეფასება. მთავარი კითხვა იყო, როგორ მოხდეს საქართველოს შემდგომი მხარდაჭერა, გაძლიერება, რომ საქართველომ კიდევ უფრო ახლოს გადადგას ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა შეხვედრის მიმდინარეობისას ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე.

„მე ასევე მივესალმები ოპოზიციის ძირითადი ნაწილის ერთსულოვნებას, რომ მხარდაჭერილი იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ცხადია, ირმა ინაშვილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდანაც, ასე ვთქვათ, პოზიტიური დამოკიდებულებები დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ამ შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ”თბილისობის” დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ
შემდეგი სტატიამკვლელობა საგარეჯოში – მამაკაცმა სანადირო თოფით კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა