ირაკლი სესიაშვილი – ნატო-ს წევრობისთვის დღესაც მზად ვართ, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხია

რეცეპტი არ არსებობს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით რაღაც ამოცანას დავისახავთ, შევასრულებთ და მეორე დღეს ნატო-ს წევრი გავხდებით – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ნატო-ში ინტეგრაციის რეცეპტი რომ არსებობდეს, ნებისმიერი ადამიანი იმ რესურსს გაიღებს, რაც ამისთვის საჭიროა.

„ეს არის პროცესი, რომელიც დამოკიდებულია ნატო-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რეფორმებზე, ნატო-სთან თავდაცვის ძალების თავსებადობასა და საერთაშორისო პოლიტიკურ მოცემულობაზე. ნატო-ს წევრობისთვის დღესაც მზად ვართ, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხია, რაც ყველამ ერთად უნდა მიიღოს.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს სკეპტიკოსი ქვეყნები ჰყავს, საქართველოს ძლიერი პარტნიორები ჰყავს. ვისაც სკეპტიკოსს ვუწოდებთ, ის ქვეყნები პრაქტიკულ ნაწილშიც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერები არიან. ყველა ქვეყანა ეროვნულ ინტერესებს ეყრდნობა, ნატო ერთი დიდი ოჯახია და გვინდა, ნატო-ს შევუერთდეთ. არც თუ შორსაა დღე, როდესაც ნატო-ს შევუერთდებით. რაც შეეხება რეფორმებს, ეს ცოცხალი და ჯანსაღი პროცესია. როცა ნატო-სთან მიმართებაში ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ვამზადებთ, იმ რეფორმების ინიციატორები თავად ვართ, რასაც სახელმწიფო საკუთარი ხალხისთვის გეგმავს. ისეთი შემთხვევებიცაა, როცა ნატო-ს უკვირს, ეს გეგმა თუ რამდენად დატვირთულია. ამ შემთხვევაში, ნატო-ს მხრიდან არანაირი პირდაპირი მოთხოვნა არ არსებობს. ჩვენი სახელმწიფოს სურვილია, რომ მალე განვვითარდეთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“აბსურდის ტირაჟირება”, ანუ რუსული სამარცხვინო ნარატივი საქართველოს საპატრიარქოს ტრიბუნიდან!
შემდეგი სტატია“მდინარაძეს მესიჯი შეეშალა” – რას წერდა დეპუტატი უმრავლესობის წევრებს ეკა ბესელიაზე(+ვიდეო)