ირაკლი სესიაშვილი: „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას“

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია, კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. სესიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის სხდომებზე საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეზოლუციის პროექტები განიხილეს.

„ნატოს აღმოსავლეთით შეკავების გაძლიერების” რეზოლუციის პროექტში, რომელშიც საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებები სრულად აისახა, საუბარია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედო აგრესიაზე, მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ის ასევე მოუწოდებს ალიანსის წევრ-სახელმწიფოებს მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ნატოს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ” რეზოლუციის პროექტში კი, ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უქმნის საფრთხეს და მიმართულია დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისაკენ. ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ-ქვეყნებს ასპირანტ ქვეყნებთან კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და საქართველოს ურყევ მხარდაჭერას განაგრძობს. გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიშში, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებს შეეხებოდა, საქართველო დაასახელა როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში. ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებელი, დაეყრდნო რა საერთაშორისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს“, – განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა რეზოლუციის პროექტების შეფასებისას.

banner
წინა სტატიაშისოფო ქაცარავა : ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთიდან მიმდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიერონ
შემდეგი სტატიასაქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება