ირაკლი სესიაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ ესა თუ ის თანამდებობა ოთხნახევარჯერ მეტი ეკუთვნის, ვიდრე „პატრიოტთა ალიანსს“

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

sesiashviliii-cr-739x428„ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებისგან ეჭვები, შიშები და ბრალდებები მოვისმინე, მაგრამ ვიტყვი, რომ თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით ასეთი აჟიოტაჟის შექმნა არასწორია, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ მათ შორის შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ გული მწყდება, რომ არც ერთს და არც მეორეს არ ეყო პოლიტიკური კულტურა, რომ ის შეთანხმება ეღიარებინათ, რაც არსებობს. ინტერპრეტირება, თითქოს არაფერი იციან, მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, არსებობს შეთანხმება, ფორმულა, რომელიც ორივე მხარისთვისაა ცნობილი.

„ეს კვოტა ოპოზიციას ეკუთვნის და საუბარია იმაზე, ეს მათ შორის როგორ გადანაწილდეს. სამართლიანი და დემოკრატიული მიდგომით, კვოტა მათ შორის არსებული ფარდობითობის მიხედვით უნდა გადანაწილდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ 27 დეპუტატი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსს“ კი – 6. ეს იმას ნიშნავს, რომ კვოტის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობას“ ესა თუ ის თანამდებობა ოთხნახევარჯერ მეტი ეკუთვნის. ეს მათთვის ცნობილია და თუ უნდათ, რომ ეს შეთანხმება დამალონ და დრო კინკლაობაში გაატარონ, ეს მათი საქმეა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ თსუ-ს მე-6 კორპუსის ბლოკირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ახალგაზრდობას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ ქვეყანაში არის ის ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოებასთან, მითუმეტეს ახალგაზრდობასთან ღია დისკუსია არ უჭირს და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, პროტესტის ნაცვლად დიალოგის ფორმატში შევიდნენ. მე მოვუსმინე სტუდენტს, რომელიც არსებულ პრობლემებზე საუბრობდა და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. პარლამენტი სულ რაღაც ერთი კვირის შეკრებილია და მთავრობის დამტკიცების შემდეგ არსებით საკანონმდებლო საქმიანობაზე გადავალთ. იმედი მაქვს, გარკვეული ინიციატივები განათლების სამინისტროდანაც წამოვა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, თვითმმართველობა მსოფლიოს ყველა უმაღლეს სასწავლებელშია და თვითმმართველობის წარმომადგენლები ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვეულებრივი ხმებით სარგებლობენ.

„არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ყველა მოთხოვნა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. მე პირადად, გერმანიის სამ უნივერსიტეტში მომიწია სწავლა და თვითმმართველობა სამივე უნივერსიტეტში იყო. მათ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ. მეტიც, თვითმმართველობის წარმომადგენლები ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვეულებრივი ხმებით სარგებლობდნენ. შესაძლოა, ჩვენს ახალგაზრდებს პრეტენზია სხვა ფორმებთან მიმართებაში აქვთ. ამ საკითხებში ჩართული არ ვყოფილვარ და დეტალებში შესვლა გამიჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ახალგაზრდებთან ჩვენი ხელისუფლება მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში იყო და დიალოგი კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ამჯერად Gmail-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: თეა წულუკიანი გენდერულად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიას