ირაკლი სესიაშვილი – ყარაბაღში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს, დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, ცეცხლი შეწყვიტონ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი რეგიონის უსაფრთხოებისთვის ძალიან სახიფათოა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს და ახლაც, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებენ, ცეცხლი შეწყვიტონ.

„ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში, ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს და ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყვიტონ, მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს. ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ზოგადად პროცესს დააკვირდებიან, მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცხადია, ამისთვის მზად ვიქნებით“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, რეალურად, ეს იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები