ირაკლი სესიაშვილი – გარწმუნებთ, არანაირი ორი ადამიანი არ გაქცეულა, ეს არის ტყუილი

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

გარწმუნებთ, არანაირი ორი ადამიანი არ გაქცეულა, ეს არის ტყუილი, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ორმა ადამიანმა გაქცევა მოახერხა და მათ გამოძიება ამ დრომდე ეძებს.

„მინდა ყველა დავარწმუნო იმაში, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ამიტომ ოპოზიციის მიერ გამოთქმული ეჭვები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ გამოძიებას საშუალება, რომ გარკვეული პროცედურები გაიარონ. იცით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც არიან ჩართულები, რაც თავისთავად ცხადია, ზრდის გამოძიების ეფექტიანობას, ამიტომ იქ, სადაც ჩვენ ჩვენი ძალების, ჩვენი მიდგომების კონსოლიდირების ერთგვარი ვალდებულებაც კი გაგვაჩნია, მე ყველას მოვუწოდებ, რომ ვიწროპოლიტიკური რაღაც გამოხტომები, ინტერესები გვერდზე გადავდოთ, რათა ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება. გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გაურბის არანაირ კითხვას, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენს ინტერესშია. ამ პროცესში ჩართული იქნება პარლამენტი. პარლამენტის ინფორმირება მოხდება იმ ფორმით, როგორც ეს საერთო ინტერესებს მოემსახურება და არანაირად არ არის ინფორმაციის დამალვა.

ყველაფერს თავის დრო სჭირდება, გამოძიებას სჭირდება თავისი დრო. ცხადია, მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე გამოძიება ვერ ისაუბრებს. ხაზს გავუსვამ, რომ გამოძიება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი სპეცსამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ორი ადამიანის გაქცევის შესახებ, ირაკლი სესიაშვილმა მოუწოდა მედიასაშუალებებს, რომ ნებისმიერი ცრუ და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, ძალიან სერიოზულ, შეიძლება მედიისთვის თვალით არდანახულ ზიანს აყენებდეს ქვეყანას.

„გარწმუნებთ, რომ არანაირი 2 ადამიანი არ გაქცეულა. ეს არის ტყუილი. ვინ რა ინფორმაციას ეყრდნობა და რა თავის ეჭვებს გამოთქვამს მედიასაშუალებებში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ძალიან სახიფათო ქცევა. ეს ავნებს არა პოლიტიკურად ვინმეს, არამედ ქვეყანას, ამიტომ თავი შეიკავეთ, მით უმეტეს, საზოგადოებაში ხდება ამის გამო გარკვეული შიშის დათესვა. გარწმუნებთ, რომ არანაირი ორი ადამიანი იქ არ გაქცეულა არსად. გამოძიება მიმდინარეობს და მის პროცესში სუს-ს ყველა საშუალება აქვს, რომ თუკი საჭირო იქნება სხვადასხვა ადამიანის დაკავება, თუ დადგენა მოხდეს“, – განაცხადა სესიაშვილმა. მისივე თქმით, აშშ-ის შესაბამისი ექპერტები სხვადასხვა მიმართულებით არიან ჩართული.

კითხვაზე, ხომ არ იმსჯელებენ ამაზე ნდობის ჯგუფის ფარგლებში, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფი ხვალ გამართავს პირველ საორგანიზაციო შეხვედრას, სადაც განსაზღვრავენ მომავალ სამოქმედო გეგმას და ასევე ისაუბრებენ ბევრ საკითხზე.

„მე უახლოეს ხანებში მექნება შეხვედრა სუს-ის ხელმძღვანელთან. თავისთავად ცხადია, მე ზოგადად მსურს გავიგო ინფორმაცია, რა პროცესშია გამოძიება და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ, როდის, რა ფორმით და შინაარსით მოხდეს ამ საკითხზე მსჯელობა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მან ასევე მწუხარება გამოთქვა სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო და ოჯახს მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშიგანიხილება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი-უკრაინის პრემიერმა კითხვებს არ უპასუხა
შემდეგი სტატიაევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი