პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოფხვრის მიზნით გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კომპანიას და ქვეყანას დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს, სახელმწიფო კი ვალდებულია, ყველა მოქალაქისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს.
ქადაგიშვილის თქმით, სვანეთში ადგილობრივი ძალებით პრობლემის მოგვარების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც ხელისუფლების ჩარევა აუცილებელი გახდა:
„ეს პრობლემა რამდენიმე წელია დგას. იყო მცდელობა, რომ ადგილზე საზოგადოებას დაერეგულირებინა საკითხი და უკანონო ელექტროენერგიის გამოყენება მაინინგისთვის არ ყოფილიყო, მაგრამ ანალიზმა გვაჩვენა, რომ საკითხი არ გადაწყდა. ბუნებრივია, არ შეიძლება, რომ ელექტროენერგია გამოიყენებოდეს უკანონოდ, რაც იწვევს დეფიციტს, გადატვირთვას, ფინანსურ ზარალს და ადგილობრივი მომხმარებლისთვის უამრავ პრობლემას ქმნის“, — განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ დღეს არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს ენერგოკომპანიას წესრიგის დამყარებაში.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში ელექტროენერგიის გამრიცხველიანების პროცესი იწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ გააცნო.
მდინარაძის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯის მთავარი მიზანი სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის სრული აღმოფხვრაა. ამასთანავე, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტროენერგია გარკვეულ ლიმიტამდე კვლავ უფასო დარჩება.
















