ირაკლი ქადაგიშვილი – საკანონმდებლო პროცესს „ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ

ჩვენ საკანონმდებლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ – პარლამენტი ვერ იქნება პარალიზებული იმის გამო, რომ მთელი რიგი პარტიები კონსტიტუციითა და ამომრჩევლის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე, აშშ-ს საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ქადაგიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპუტატებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ, კანონპროექტის განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა.

„დეპუტატებმა ოპოზიციიდან, ვინც პარლამენტში დადიან, მონაწილეობა მიიღეს და მათი აზრი გათვალისწინებული იყო. შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ჩაერთონ სრულყოფილ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ამას ვხედავთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, შესაბამის დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვექნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადებაში აქვს მეორე ნაწილი, სადაც ლაპარაკია, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად იმუშაონ პარლამენტში.

„მეორე ნაწილიც წავიკითხოთ – ალბათ დრო არის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ ხელშეკრულებას, პარლამენტში მოვიდნენ და სრულყოფილად იმუშაონ“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატია“ცაში ვართ გამოკიდებულები” – ლაგოდეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს