ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართველ ხალხს ვულოცავთ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის ჩამოშლის, რევოლუციური მეთოდებით ხელისუფლებაზე და ხალხზე ძალადობის გეგმა არ განხორციელდა“

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ქართველ ხალხს და საქართველოს ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის ჩამოშლის, რევოლუციური მეთოდებით ხელისუფლებაზე და ხალხზე ძალადობის გეგმის ვერ განხორციელებას ულოცავს. აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის წევრმა, პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების დროს ისაუბრა.

„აქ ბევრჯერ გაჟღერდა თუ რას ვულოცავთ ერთმანეთს და ერთ-ერთმა ექსპერტმა დღეს ოპოზიციას მიმართა -რა გიხარიათ? რას ზეიმობთ? რას ულოცავთ ერთმანეთს? ეს ანალოგიაა ალბათ იმ სიხარულისა და იმ ზეიმისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოაწყვეს. ჩვენ თუ რამეს ვულოცავთ დღეს ერთმანეთს, ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, ვულოცავთ იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის ჩამოშლის, რევოლუციური მეთოდებით ხელისუფლებაზე და ხალხზე ძალადობის გეგმა არ განხორციელდა. ე.წ. რეფერენდუმად გამოცხადებული ქვეყნის წინააღმდეგ დაუძინებელი ბრძოლის ქრონიკა არ შედგა. ეს არის მისალოცი და ეს არჩევნები მეორე ტურში დაუბრუნდება იმ რეალურ შინაარსს, რასაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჰქვია. დემოკრატია სწორედ ნიშნავს პროცედურებზე, სისტემებზე და ინსტიტუციებზე მორგებული პოლიტიკური პროცესების მართვას. ეს თვითმართველობის არჩევნები უნდა ყოფილიყო თვითმართველობის არჩევნები, მაგრამ გადააქციეს ხელისუფლების შეცვლის არჩევნებად, რომელიც არ გამოუვიდათ. ვერც დივერსანტულ-კონტრაბანდისტული გზით შემოპარულმა ყოფილმა პრეზიდენტმა უშველა და ვერც ვერაფერმა. ვერც იმან, რომ ვიღაცამ მოულოდნელად დატოვა გუნდი, სახტად დატოვა ის ადამიანები, ვინც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ და რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ყველა წინა არჩევნებში ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბატონი გიორგი გახარია ატარებდა არჩევნებს და ახლა გახდა ყველაფერი ცუდად. დღეს ჩვენ ეს არ გვაღელვებს და დარჩენილ მუნიციპალიტეტებში ჩვენ მივაღწევთ წარმატებას. ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმატებას, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს წარმატება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დღეს თავად ნიკა მელიას სურვილის საფუძველზე ხდება მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა”
შემდეგი სტატიაწერეთელი – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ნათლად გამოხატა სენატორმა რიშმა, რაც არის დიდი იმედგაცრუება