რიჩარდ ლუგარის კვლევით ცენტრსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერაციულ ცენტრს ამერიკელი მაღალჩინოსანი ესტუმრა. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეგიონულმა დირექტორმა, ვილიამ დევისმა ობიექტები თბილისში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში ვილიამ დევისი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ირაკლი ფურცელაძესა და უწყების სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის პაატა იმნაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ზედამხედველობის სისტემები განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს: საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია ვირუსების მონიტორინგის კუთხით. ქვეყანაში ეფექტურად ფუნქციონირებს ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემა, რაც ცირკულირებადი ვირუსების მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ამერიკული და ქართული მხარეები მზად არიან პარტნიორობა კიდევ უფრო გააღრმავონ. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ ერთობლივი მუშაობა ჯანდაცვის უსაფრთხოებისა და სისტემების გაძლიერების მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.















