ირაკლი პეტრიაშვილი: არმატურებითა და ნაჯახებით შეიარაღებულებმა საქართველოს მოქალაქეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, სოფელ ზვარეში დამსაქმებლების მიერ მუშების ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება უნდა გადაკვალიფიცირდეს.

როგორც პეტრიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მხოლოდ ცემის ფაქტი არ ყოფილა და დაზარალებულებს სხეულებზე დაზიანებები არმატურებითა და ნაჯახებით მიაყენეს.
„ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობამ და მუშა-მოსამსახურეებმა ჩვენი წევრები ალყაში მოაქციეს. არმატურებითა და ნაჯახებით შეიარაღებულებმა საქართველოს მოქალაქეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს მოვუწოდებთ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით დროულად და ადეკვატურად ჩაერთონ გამოძიებაში. საჭიროა, რომ შესაბამისი მუხლით აღიძრას საქმე და არამხოლოდ ცემის მუხლით. აქ მოხდა ადამიანების სხეულის დაზიანება“, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

ამასთან, პროფკავშირების წარმომადგენლები მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას საქართველოს რკინიგზას აკისრებენ, რადგან სწორედ მას აქვთ კონტრაქტი გაფორმებული ჩინურ კომპანიასთან.
„რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ამ ვალდებულებებს ის გვერდს ვერანაირად ვერ აუვლის იმიტომ, რომ სწორედ ის გახლავთ კონტრაქტორი კომპანია, სადაც საქართველოს რკინიგზას აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ამ ჩინურ კომპანიასთან. კონტრაქტის პირობები მხოლოდ და მხოლოდ გვირაბის ერთი თავიდან მეორე ბოლოში გაყვანას არ ნიშნავს“, – აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინურ კომპანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს სცემეს. სავარაუდოდ, 10-მდე პირია დაშავებული. 4 დაშავებული სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი კი – ხაშურის. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23- ბიურო“ გვირაბს აშენებს, სწორედ ამ მშენებლობაზე არიან დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“სოხუმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს”
შემდეგი სტატიაზვარეში მომხდარი ინციდენტისას ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანილი სამი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია