„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტიაში შექმნილი რეფორმათა საბჭო არ წარმოადგენს უშუალოდ პარტიულ ორგანოს, რადგან მასში როგორც პარტიის წევრები, ისე არაპარტიული ადამიანები შევლენ. მისი განმარტებით, საბჭოს მიზანი გარდამავალ პერიოდში რეფორმების სრული პაკეტის გენერირება და პარტიის ფუნდამენტური განახლებაა.
ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ სიმბოლური და მისასალმებელია საბჭოს ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის ყოფნა, რადგან მისი სახელი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში რეფორმებთანაა დაკავშირებული, ხოლო აღმასრულებელი მდივნის პოზიციას ნანუკა ჟორჟოლიანი დაიკავებს. პოლიტიკოსმა უარყო ინტერპრეტაცია, თითქოს ეს საბჭო ახალი პარტიის დაფუძნებას ნიშნავს.
„არა, ახალი პარტია არ მითქვამს, არასწორი ინტერპრეტაციაა. ყველა ელემენტს აქვს მნიშვნელობა. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და იქნება. ის დაფუძნდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიერ, რომლებიც, საბედნიეროდ, დღემდე ამ პარტიის წევრები არიან და აპირებენ, მომავალშიც ამ პარტიის წევრები იყვნენ. ამიტომ ნამდვილად არ ფუძნდება სხვა და ახალი პარტია. პარტიას განახლება და რეფორმირება რომ შეუძლია, მიუხედავად ამდენწლიანი პრაქტიკისა, ეს მის სიძლიერესა და სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს“, – განცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
















