დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა, პარტიის ლიდერებთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა;
„დღეს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა- რუსული ოლიგარქიული სისტემისთვისაც კი. პირველად მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილს წაერთვა საშუალება ეთქვა სიტყვა საკუთარ პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი არის წარმოებული კრემლის აგენტის- ოთარ ფარცხალაძის მიერ შეკერილი საქმეების საფუძველზე და კრემლის დავალებით, კრემლის მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილი, არ აძლევს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურად დევნილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე სიტყვით თქმის უფლებას.მას ვიცით რომ არ აქვს უფლება და საშუალება რომ დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესებს და ახლა უკვე სიტყვის თქმის უფლებასაც არ აძლევენ. რატომ, იმიტომ რომ კრემლის მიზანია გამოთიშოს მთლიანად პოლიტიკური ასპარეზიდან მთავარი მეტოქე საქართველოში. ადამიანი, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია, რომელმაც შექმნა წარმატებული საქართველოს მოდელი, რომელმაც დაიწყო არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში, ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, მაგრამ მინდა “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის სახელით შევპირდე ყველა კრემლის მსახურს, მათ შორის ბადრი კოჭლამაზაშვილს, თქვენი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ძალიან მალე. ეს დადგება საერთაშორისო მასშტაბითაც თქვენი სანქცირების კუთხით და დადგება ასევე სამართლებრივი თვალსაზრისითაც მას შემდგომ, რაც მოხდება ამ სისტემის, რუსული უსამართლო სისტემის დემონტაჟი. მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მიეცემა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის საშუალება. კრემლის სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაანეიტრალოს შეუძლებელია რომ შესრულდეს, რადგან მას უჭერს მხარს საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და “ნაციონალური მოძრაობა” მისი გუნდი ვართ გარანტი იმის, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, მიხეილ სააკაშვილი ბრძოლაში აქტიურად ჩაებმება, არჩევნები ჩატარდება საქართველოში მისი მონაწილეობით , რომელშიც გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და რუსული სისტემა, მთელი მისი ჭანჭიკებით იქნება დასრულებული.“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
„დღეს, სასამართლოში მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული. სასამართლოს ისტორიას არ ახსოვს, რომ ბრალდებულისთვის სასამართლოში წაერთმიათ სიტყვის თავისუფლება. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მოსამართლემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. დღეის შემდეგ მოსამართლეს, რაღა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რომ განიხილოს აღნიშნული სასამართლო პროცეს და ასევე მას აღარ აქვს მორალური უფლება, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესის მოსამართლე იყოს. მან აუცილებლად უნდა აიცილოს აღნიშნული სასამართლო პროცესი და მე კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ- ვინც რუსულ ინტერესებს ემსახურება საქართველოში, აუცილებლად ყველას მიაკითხავს სამართალი და სამართლიანობა და ყველას მოვუწოდებ, რომ ემსახურონ საქართველოს და არა პუტინსა და რუსულ ოცნებას.“ – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ