„20 ივნისი იყო დღე, როდესაც პუტინის და კრემლის საამებლად დაასახიჩრეს ხალხი და სამწუხაროდ, ამას სათანადო პასუხი ვერ გავეცით. ამან მოიტანა შემდგომში ადამიანის უფლებების დარღვევა, რუსიფიკაცია, ეს ყველაფერი მივიღეთ 20 ივნისის დაუსჯელობის შემდგომ“, — აღნიშნული განცხადება გააკეთა ენმ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა”.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე წლის წინ, 2019 წლის ამ დღეს, თბილისში უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და სისხლიანი მოვლენები განვითარდა, რომელიც საზოგადოებაში „გავრილოვის ღამის“ სახელით შევიდა. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ მრავალათასიანი პროტესტი გამოიწვია.
2019 წლის 20 ივნისს თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

















