ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში მესამედ მოდის-ვინ დგას ოქრუაშვილის გვერდზე

ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს

პარტიამრავალი საქართველო ამ დღეებში კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტით გამდიდრდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ პარტიას ხვალ, 11 ივნისს, გამოაჩენს.
ეს ყოფილი მინისტრისთვის პოლიტიკაში მოსვლის მესამე მცდელობა იქნება. პირველ ცდაზე, 2003 წელს, ნაციონალებთან ერთად ტრიუმფით მოვიდა პოლიტიკაში. 2007 წელი მისთვისაც და მისი პარტიისათვისაც მძიმე და წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორი იქნება 2019 წელი მისთვის, ამას მომავალი გვაჩვენებს.
2007 წლისგან განსხვავებით, ეს ახალი პარტია მხოლოდ მისი არ იქნება. “ახალი თაობისთვის” ცნობილი გახდა, რომ ამბიციური ოქრუაშვილი პარტიის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიებს არ აცხადებს.
“ახალი თაობისთვის” ცნობილი გახდა იმ ხალხის ვინაობაც, ვისთან ერთადაც ოქრუაშვილი პარტიას შექმნის. მასთან ერთად პარტიაში იქნებიან ვალერი გელბახიანი, კოტე კემულარია, მიხეილ ჯიბუტი და გუბაზ სანიკიძე.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე კოტე კემულარია იქნება. შეიძლება, პარტიამ თავმჯდომარე არც აირჩიოს.
საიდუმლოდ ინახავენ პარტიის დასახელებასაც, თუმცა რაღაც ინფორმაციამ მაინც გამოჟონა. პარტიას, სავარაუდოდ, “გამარჯვებული საქართველო” ერქმევა.
ამ პარტიის შექმნის პროცესს დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალ-ყურს მმართველ პარტიაში. ამ პარტიის მიმართ გულგრილი არც ბიძინა ივანიშვილია.
დაახლოებით ერთი თვის წინ “ოცნებამ” მორიგი დახურული შეხვედრა გამართა, სადაც ოპოზიციასთან სიტუაციის დალაგებაზეც იყო საუბარი.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობას” უყვება, რომ ივანიშვილმა ოქრუაშვილთანაც მოითხოვა სიტუაციის დალაგება.
_ ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, ოქრუაშვილსაც დაელაპარაკეთ, ირაკლის არ აწყენინოთო. ამის შემდეგ დაიწყო ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებსაც ყოფილ მინისტრთან მიაგზავნიდნენ, – გვიყვება “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო.
ამის პარალელურად, “ოცნებამ”  ჭორიც გაავრცელა, რომ “ოცნების” მამა-მარჩენალმა ყოფილ მინისტრთან დაალაგა. ამ ჭორების გავრცელებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ოქრუაშვილი რაღაც პერიოდი არ ჩანდა.
საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება არ შედგა. ოქრუაშვილთან გასაგზავნი კაცი ვერ გამონახეს. გოგა ხაინდრავა კი იცნობს ყოფილ მინისტრს, მაგრამ საეჭვოა, ეს უკანასკნელი “ოცნების”  იდეოლოგად ქცეულ რეჟისორს დალაპარაკებოდა.
მმართველ პარტიაში ნამინისტრალის გააქტიურება და პოლიტიკაში მოსვლა არ აწყობთ. ამ უკანასკნელმა ბევრი რამე იცის როგორც ივანიშვილზე, ასევე “ოცნების” სხვა ლიდერებსა და თუ დაბალი რანგის მოხელეებზე. ამის გარდა, ის საზოგადოებაში სიმპათიითაც სარგებლობს და, საჭიროების შემთხვევაში, მუხტის აწევაც შეუძლია.
“ქართულ ოცნებაში” არც ვალერი გელბახიანის გააქტიურების ამბავი გაუხარდებათ. ივანიშვილზე მანაც ბევრი საინტერესო რამე იცის.
იგივე შეიძლება ითქვას გუბაზ სანიკიძეზე. მასზე ივანიშვილსა და მას აყოლილ რიგით მეოცნებეებს ნამდვილი ალერგია აქვთ.
როგორც ამბობენ, თავის დროზე ‘ოცნების”  ლიდერის გამო დატოვა სანიკიძემ “ეროვნული ფორუმი”. ჩვენს მკითხველს ისიც ემახსოვრება, თუ როგორ წამოვიდა რესპუბლიკელებიდან დავით უსუფაშვილი.
რესპუბლიკელებისგან გამოყოფილმა უსუფაშვილმა და სანიკიძის გარეშე დარჩენილმა ფორუმმა შენების მოძრაობა შექმნეს. მაშინ “ოცნების” კულუარებში ღიად ამბობდნენ, რომ ივანიშვილი ამ ერთობას მესამე ძალად გადაქცევასაც კი დაჰპირდა. ამისთვის მთავარი პირობა შემდეგი იყო -უსუფაშვილი რესპუბლიკელებს უნდა გამიჯვნოდა, გუბაზი კი ფორუმიდან წასულიყო.
ეს მოთხოვნა შესრულდა, მაგრამ შენების მოძრაობას არაფერი ეტყობა იმის, რომ მესამე ძალა გახდება.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„ქვეყანა ემსგავსება პოლიციურ სახელმწიფოს“ – ოპოზიცია გახარიას წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაპოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავა