ირაკლი ოქრუაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავის საპატიმრო დატოვა. როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა ახლა მთავარია შეთანხმების პუნქტი ბოლომდე შესრულდეს და სასამართლომ გიორგი რურუაც გაათავისუფლოს. ოქრუაშვილის თქმით ეს არის შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესახებ.

„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ ოპოზიციონერს მრავალ წელს გაუშვებდა ციხეში და ესეც ვერ შეასრულა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც იყო ჩვენი გათავისუფლება განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს ქალბატონ დეგნარს და ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ისევე როგორც სენატორ რიშს და ბატონ კუბილიუსს. რომ არა მათი შეფასებები ეს შედეგი არ შესრულდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ ეს შეთანხმება, არ არის არჩევნების შესახებ ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლის შესახებ. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდირებას, მაქსიმალურად ხელი შევუწყო იმას რომ ოპოზიციამ ხელი შეუწყოს იმას რომ ოპოზიციამ მოახერხოს იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას“,-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიარ აქვს მნიშვნელობა, რა ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილება მიიღო მან
შემდეგი სტატიაუგულავა: ფაქტია, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები